“ყველას, ვინც იზიარებთ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გსურთ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, გელოდებით 13 აპრილს ევროპის მოედანზე. ეს არის ის საკითხი, რომელზეც საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მოგიწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო”- ასეთი იყო ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდება მოქალაქეებისადმი 13 აპრილს. ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი სამოქალაქო აქცია-კონცერტზე „ჩვენ ვირჩევთ ევროპას!” მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით მოეწყო, რომელიც აერთიანებს 115 არასამთავრობო ორგანიზაციას.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას შეუერთდნენ ქართველი
მუსიკოსები, ხელოვანები, ჟურნალისტები, სპორტსმენები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომელთა ვიდეო მიმართვები ორგანიზატორებმა კონცერტამდე რამდენიმე დღით ჩაწერეს და კონცერტის მსვლელობისას საზოგადოებას წარუდგინეს.
კონცერტის რეპერტუარი მრავალფეროვანი და ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების ადამიანისთვის საინტერესო იყო. მონაწილეობდნენ: ანსამბლი’ლაშარი’, მერიის ბიგ ბენდი, გიო სუხიტაშვილი, მარიკო ებრალიძე, ალეკო ბერძენიშვილი, გორდელა, Z for Zulu, თინათინი, არა, Eldrine ,The Jetbird, LOUDspeakers, KID Jesus.
აქციაში მონაწილეობდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
“ჩვენ ყველანი აქ ნათელი მიზნისათვის ვართ გაერთიანებული, რომელიც არ არის უბრალოდ რომელიმე პოლიტიკური ძალის არჩევანი. ეს არც რომელიმე პოლიტიკოსის ან სახელმწიფოს მოხელის არჩევანია, ეს არჩევანი არც მხოლოდ ჩვენ გაგვიკეთებია – მათ, ვინც აქ ერთადვდგავართ. ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც შექმნეს ლაღი ქვეყანა – საქართველო, რომლებმაც თავისუფლება, სულიერი თავისუფლება, სხვისი მიმღებლობა, ტოლერანტობა ჩადეს ჩვენი კულტურის საფუძველში. ამიტომ ჩვენ აქ ვდგავართ არა მარტო ჩვენი არჩევანისთვის, არამედ იმ არჩევნისათვის, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა”. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ნახეთ მოკლე ვიდეო აქციის შესახებ (წყარო: ნეტგაზეთი):
ქეთი ხუციშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ აღმასრულებელი დირექტორი-რა არის ჩემთვის ევროპა?!:
ქეთი ხუციშვილი სტუმრად რადიო ‘თავისუფლების’ დილის ეთერში:
ნახეთ ფოტოგალერეა.