ციცინათელების ქვეყანა უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის

21.01.2025

ყოველი დღე „ციცინათელების ქვეყანაში“ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს ეთმობა. აქ მათ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი ტკივილისგან გათავისუფლებაში ეხმარებიან და მძიმე ყოველდღიურობას უმსუბუქებენ. საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისი, სადაც ყველა სახის მომსახურება უფასოა, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის გუნდის ინიციატივით 2017 წელს გაიხსნა.

პალიატიური მზრუნველობის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება. ბავშვებში ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრული დამბლის მძიმე ფორმები და სხვა. 

ჯანმრთელობის ასეთი პრობლემების მქონე ბავშვები „ციცინათელების ქვეყანაში“ ყოველდღიურად მოდიან. საჭიროების შემთხვევაში, ისინი სტაციონარშიც რჩებიან, ან მობილური ჯგუფი მათ სახლებში სტუმრობს. ჰოსპისის ექთნები პატარების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ოჯახის წევრებს კი მათ მოვლაში ეხმარებიან. ასეთ დროს, თითოეული მათგანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სწორი ფიზიკური თუ მენტალური მხარდაჭერა, რაც პაციენტისა თუ მისი ოჯახის წევრების მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს.

„ციცინათელების ქვეყნის“ უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. ამიტომ, ჰოსპისი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა და ის სრულიად შეესაბამება სტანდარტებს მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის, არქიტექტურული დაგეგმარების, სამეციდინო მიდგომის, ინტერიერისა და საწოლების რაოდენობის თვალსაზრისით.

წლების განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ინიციატივით შექმნილ ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეებისა თუ კერძო კომპანიების სახით. ბავშვთა ჰოსპისის პროექტი მოქალაქეების, ბიზნესისა თუ არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

თქვენც გაქვთ შესაძლებლობა, გახდეთ საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის არსებობისა და ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების დღეების გაფერადების მონაწილე. იმედია, მალე ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც „ციცინათელების ქვეყანა“ არ იქნება ერთადერთი ადგილი, სადაც მათი ღირსეული მოვლა იქნება უზრუნველყოფილი.

საქართველოს ბანკი; მიმღები: ააიპ „ბავშვთა ჰოსპისი“;

დანიშნულება: ქველმოქმედება.

#GE31BG0000000368074900