17 მაისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სახალხო დამცველმა ციხეების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს. მონიტორინგი ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით განხორციელდა.
ანგარიში ასახავს 2012 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული გეგმური და არაგეგმური მონიტორინგების შედეგებს. ანგარიშში მოცემულია 2012 წლის სექტემბრის საგანგებო მონიტორინგის და 2013 წლის იანვარ-თებერვლის შედეგები.
ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის სპეციალურ ფოკუსს არასათანადო მოპყრობა წარმოადგენდა და მასში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამი წარმომადგენელი იყო ჩართული. შესაბამისად, აღნიშნული ანგარიშის მიზნებისთვის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელთა შორის მოიაზრებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც.
გეგმური მონიტორინგის დროს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები ამოწმებდნენ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და პრაქტიკის შესაბამისობას როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. მონიტორინგის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თითოეულ დაწესებულებაში დაკავებულების/პატიმრების მიმართ მოპყრობაზე. დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა მსგავსად გასული წლებისა,ადგილზე შეამოწმეს იზოლატორებში განთავსებულ დაკავებულ პირთა შესახებ წარმოებული დოკუმენტაცია,დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა-საკნები, საგამოძიებო ოთახები, სველი წერტილები, სასეირნო ეზოები, ინვენტარი, საკვებისა და დაკავებულთა ნივთების შენახვის პირობები. ადმინისტრაციასა და დაკავებულებთან/პატიმრებთან გასაუბრებით გაირკვა კვების, შხაპის მიღების, სუფთა ჰაერზე ყოფნის პერიოდულობა და პროცედურები. როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაკავებულ პირთა მიმართ მოპყრობას, როგორც დაკავებისას, ასევე მას შემდეგ.
წაიკითხეთ სრულად ქართული, ინგლისური.