წამალდამოკიდებული ქალები – სტიგმა, დისკრიმინაცია, ძალადობა

26.03.2012

კავშირმა „ნაბიჯი მომავლისაკენ”  23 მარტს, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში შეხვედრა ჩაატარა, რომელიც  წამალდამოკიდებული ქალების  სტიგმასთან, დისკრიმინაციასა და ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ”, ასოციაცია  „ქსენონმა” და  „ახალმა გზამ” შეხვედრაზე წარმოადგინეს კვლევის შედეგები, რომელშიც   ნარკოტიკის მომხმარებელი 47 ქალი მონაწილეობდა. შეხვედრაზე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით  სამომავლო გეგმებზე იმუშავებს.

დღეს  საქართველოში ქალთა შორის ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა ტაბუდადებული თემაა. ექსპერტების ვარაუდით,  ნარკომომხმარებელ ქალთა სავარაუდო რაოდენობა ქვეყანაში 8000-ს აღწევს. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში  პატიმარი ქალების 35% ნარკოტიკების მოხმარების ან ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს. ეს მამაკაც პატიმრებში არსებულ ნარკოდანაშაულთან შედარებით გაცილებით მაღალი მაჩვენებელია. 

მიმდინარე წლის მარტის თვეში შიდსის ცენტრის მონაცემებით რეგისტრირებულია აივ-ინფიცირების 3216 შემთხვევა, რომელთა შორის 863 ქალია. ინფიცირებულთა 56,2% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია. მკვლევართა ვარაუდით ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა შორის ძალიან მაღალია ჰეპატიტებითა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაავადებულთა რაოდენობაც, თუმცა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ   ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა უმრავლესობა მუდმივად განიცდის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას.  „გამოკითხულ რესპონდენტთა 66%-ს ბავშვობაში განუცდია ძალადობა, 80.9% კი დღესაც ძალადობის მსხვერპლია. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ დასახმარებლად. დიდ ნაწილს არ სმენია კრიზისული ცენტრის, თავშესაფრის, ზიანის შემცირების სერვისცენტრებისა და სხვა არსებული მომსახურების შესახებ და თუ იცის, არ მიმართავს მათ დახმარებისათვის, რისი მიზეზიც, ხშირ შემთხვევაში გამჟღავნებით გამოწვეული სირცხვილის განცდა და შიშია, რაც  საქართველოში მოქმედი მკაცრი ნარკოპოლიტიკით არის განპირობებული” – ნინო მჭედლიშვილი, ორგანიზაციის „ნაბიჯი მომავლისაკენ” წარმომადგენელი.