აჩუქე წიგნი- ამ სახელწოდებით ფონდის თანამშრომლებმა ივნისის თვეში წიგნის შეგროვების აქცია დაიწყეს გორის მუნიციპალიტეტის ხურვალეთის, შავშვებისა და წითელუბნის სოფლების სკოლებისთვის. აქციას გამოეხმაურნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამომცემლობები და მოქალაქეები. მოსწავლეებს წიგნები ფონდის თანამშრომლებმა გადასცეს 23 ივლისს.
‘შევაგროვეთ 400-ზე მეტი დასახელების 850-მდე წიგნი, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის სკოლაში გადავანაწილეთ მოსწავლეთა ასაკისა და რაოდენობის გათვალისწინებით. გარდა წიგნებისა, შევაგროვეთ თანხაც, რომლითაც შევიძინეთ სკოლებისთვის საჭირო ნივთები: ასაკინძი აპარატი, დაფა, ლამინანტის აპარატი და სხვა ‘ – ამბობს აქციის ერთერთი ორგანიზატორი ნინო კიკნაველიძე.
ხურვალეთის გადასახვევთან არსებულ პოლიციის საგუშაგოსთან ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ თანამშრომლებს საზოგადოება ბილიკის აღმასრულებელი დირექტორი მარი მღებრიშვილი შეუერთდა. საგუშაგოდან ხურვალეთისკენ მიმავალ გზაზე ჯერ დევნილთა დასახლებაა, შემდეგ კი სოფელი ხურვალეთი. საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დასასრულს, სადაც ქართველი სამხედროები დგანან, არის ხურვალეთის სკოლაც.
„სკოლაში შევხვდით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, ყველანი აღტაცებულები დავრჩით პატარების მონდომებით, ისინი რუსული საოკუპაციო ჯარის სანგრების სიახლოვეს ცხოვრობენ და სწავლობენ. ჩვენი ჩატანილი წიგნები ის მცირედი ყურადღებაა, რომელიც ამ სოფლის მოსახლეობას ძალიან აკლია“ – ამბობს კონსტანტინე ფერაძე, ფონდის თანამშრომელი.
ფონდის თანამშრომელთა შემდეგი ვიზიტი იყო შავშვების სკოლაში და ბოლოს ისევ პოლიციის საგუშაგოს გავლით ისინი წითელუბნის სკოლას ესტუმრნენ.
ფონდის თანამშრომელი მარი ჩოხელი, იურისტი და უფლებადამცველი, მოსწავლეებს ესაუბრა ადამიანის უფლებებზე, ბავშვთა უფლებებზე, ბავშვთა მოვალეობებზე, ძალადობის პრევენციაზე, ჯანდაცვის საკითხებზე და სხვ. შეკითხვაზე, თუ რისი უფლება აქვთ ბავშვებს, მათ უპასუხეს, რომ ბავშვებს აქვთ სწავლის, სამედიცინო დახმარებით სარგებლობის, თამაშის და სხვა უფლებები. დაწყებითი კლასის ერთერთმა ბავშვთა უფლებებში წიგნის კითხვის უფლება ხაზგასმით აღნიშნა. ‘ბავშვებს აქვთ წიგნის კითხვის უფლება’- თქვა მან. ‘ეს უფლება ბავშვმა ხაზგაზმით იმ გარემოში გამოკვეთა, სადაც წიგნების სიმცირეა. ჩვენ გვიხარია, რომ გადავდგით პირველი ნაბიჯი ამ პრობლემის გადასაწყვეტად’- ამბობს მარი ჩოხელი.
ბავშვებმა ასევე ისაუბრეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე, მოსწავლეთა მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე, მათ მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომელიც ეხება 18-წლამდე ასაკის ბავშვებზე სიგარეტის მიყიდვის აკრძალვის კანონის დარღვევის შემთხვევებს, აზარტულ თამაშებზე 18-წლამდე ასაკის ბავშვების დაშვებას და ა.შ.
ფონდის თანამშრომლებმა მადლობა გადაუხადეს ადგილობრივ ბავშვებს, რომ მიუხედავად, კონფლიქტურ ზონასთან სიახლოვისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა, ისინი მაინც აქტიურობენ და განაგრძობენ ადგილობრივი თემის გაძლიერებას.
ფონდი მადლიერებას გამოხატავს აქციის მონაწილეთა მიმართ, რომლებიც აქტიურად შეუერთდნენ ფონდის თანამშრომლებს აღნიშნულ ინიციატივაში: