დაახლოებით სამი წელია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” ამაოდ ცდილობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას თანამდებობის პირთა ხელფასების, პრემიების და სხვა საბიუჯეტო ხარჯების შესახებ. ინსტიტუტს სამინისტროსთან ორი სასამართლო დავა აქვს წაგებული (პირველ და მეორე ინსტანციაში) საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნაზე.
უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ საკმაოდ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე თანამდებობის პირთა შემოსავლები, მით უფრო, რომ ეს ინფორმაცია კანონის მიხედვით საჯაროა და უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ვინაიდან სახელმწიფო მოხელეები მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებისგან (ბიუჯეტიდან) იღებენ ხელფასს. შესაბამისად, ეს გარემოება ავალდებულებს მათ საჯარო გახადონ ბიუჯეტიდან მიღებული ოფიციალური შემოსავლები.
„მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირთა მიერ მიღებულ შემოსავლებზე, ჩვენ მაინც მოვახერხეთ მათი ხელფასებისა და პრემიების გამოთვლა მათ მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების საფუძველზე”, – ამბობს ლევან ავალიშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” თავმჯდომარე.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” ინიციატივითა და დაფინანსებით მესამე წელია ახორციელებს პროექტს „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა”, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დაწესებულებიდან ითხოვს სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციას (მაგ. ინფორმაცია სახელმწიფო მოხელეების ხელფასების, მათი პრემიების, სამივლინებო ხარჯების, საბიუჯეტო სახსრების განკარგვის, განხორციელებული პროექტების შესახებ და სხვა). ყველა ეს ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე.
###
დემოკრატიის ერთერთი ძირითადი პრინციპს ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა წარმოადგენს. ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რაში, როგორ და რაოდენ ეფექტურად იხარჯება საბიუჯეტო თანხები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ლევან ავალიშვილი
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”
ტელ: 574 77 04 08