განცხადება: 17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან – კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024

გუშინ, 2024 წლის 30 აპრილს გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო. შსს-მ დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა არაპროპორციული ძალა – დემონსტრანტების ნაწილი არის ნაცემი, გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. სცემეს და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიღეს, მათ შორის, გოგოებმა, ქალებმა და ბავშვებმა. სახალხო დამცველის შეფასებითაც, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ იყო მისი შეწყვეტისა ან მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. ყველა დაკავებულს ეყოლება ადვოკატი და გაეწევა ყველა საჭირო დახმარება.

ეს პროტესტი გასცდა მხოლოდ რუსული კანონის გაპროტესტების ფარგლებს და სახელმწიფოს პასუხმა უკანონო და ბრუტალური სახე მიიღო. მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიერ დადებული პირობა არჩევნების შემდეგ რეპრესიების დაწყების შესახებ, როგორც ჩანს, უკვე ხორციელდება რუსულ სტილში. თუმცა, ხალხის რეაქცია ცხადყოფს, რომ ყველაფერ რუსულს ქართველი ხალხი ადეკვატურ პასუხს გასცემს.

რუსულ კანონთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სიმრავლე, სიძლიერე და ერთსულოვნება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთხელ ყველამ ერთად დავანახოთ, როგორც კონსტიტუციის მიღმა გასულ ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას.

მოვუწოდებთ პოლიციელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და არაძალადობრივი პროტესტის მიმართ არ გამოიყენონ ძალა. ეს პროტესტი ყველა ჩვენთაგანის ევროპული, მშვიდობიანი და ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება.

დღეს 17:00 საათზე გელით ყველას პარლამენტის უკან.

კი ევროპას!

არა რუსულ კანონს!

სიახლეები

მულტიმედია