საპროექტო განაცხადების მიღების ვადის ცვლილების თაობაზე

15 თებ, 2021

პანდემიის შედეგები განსხვავებული სიმძიმით აისახება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებსა და სფეროებზე. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ხელახალ გააზრებას საჭიროებს ფონდის სტრატეგია, პრიორიტეტული მიმართულებები და მიდგომები.  კერძოდ, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს ფონდს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და ღია საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობაში პანდემიის პირობებში, როცა ადამიანის უფლებების დაცვასა და ჯანმრთელობას შორის ბალანსი მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.

ღია საზოგადოების ფონდის 2021 წლის  განახლებული  თემები და ძირითადი მიმართულებები გამოქვეყნდება 1 მარტიდან.  შესაბამისად, პროექტების მიღება და გრანტის მაძიებლებთან კონსულტაციები ამავე პერიოდიდან განახლდება. შინაარსობრივი ცვლილებების გარდა, მარტის თვიდან გრანტის მაძიებლებს ონლაინ განაცხადის გაუმჯობესებულ სისტემას შევთავაზებთ.

ფონდის განახლებულ სტრატეგიაში გათვალისწინებული იქნება როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური გამოწვევები. ასევე, ვეცდებით უკეთ მოვერგოთ ონლაინ სივრცეში საქმიანობას, რაც დაგვეხმარება მაქსიმალურად გაიზარდოს ფონდისა და მისი პარტნიორების მუშაობის ეფექტურობა ჩვენი ბენეფიციარების სასიკეთოდ.