22 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ProGeorgia: დონორების მონაცემთა ბაზა, ტრენინგები და კონსულტაციები უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში” პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია უნი.ჯი ახორციელებს და მისი მიზანია სამეცნიერო კვლევების დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და დაფინანსების მოპოვებისათვის საჭირო კომპეტენციების გაუმჯობესება.
ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობისა და ღია საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა. დღეს, უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის აუცილებელი დაფინანსების სიმწირის პირობებში დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
იმავდროულად, სტუდენტებში დიდია საზღვარგარეთ სწავლის სურვილი, რაც სერიოზულ ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს და რისთვისაც ადგილობრივი დაფინანსების წყაროები არ არის საკმარისი.
ვებგვერდი და საძიებო სისტემა – progeorgia.ge დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას დაფინანსების დამატებითი წყაროების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში. პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე ის უკვე მოიცავს ინფორმაციას 200-ზე მეტ პროგრამასა და დონორ ორგანიზაციაზე. პროექტის მომდევნო ეტაპზე შემუშავდება სპეციალური გზამკვლევი და განხორციელდება სასწავლო პროგრამები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონების მასშტაბით სტუდენტებისათვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
თუმცა ერთჯერადად მონაცემთა ბაზის შექმნა საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფა. საძიებო სისტემას მუდმივი განახლება სჭირდება და ფონდის დაფინანსების დასრულების შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გააგრძელებს მის მხარდაჭერას და შემდგომ განვითარებას.