2017 წლის 17 იანვარს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა” გაიხსნა. ბავშვთა ჰოსპისი ოჯახური ტიპის დაწესებულებაა, სადაც პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს. მომსახურება უფასო იქნება.
ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად, მუშაობას გააგრძელებს შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც უკვე ერთი წელია არსებობს და ამ ეტაპზე 26 ბავშვს ემსახურება.
ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” პირველი ფინანსური შენატანით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო. მას შემდეგ, ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეების და ბიზნესკომპანიების სახით. ერთი წლის მანძილზე ჰოსპისის მშენელობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. ბავშვთა ჰოსპისის პროექტი ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, პრეზიდენტის და მოქალაქეების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
თბილისის ბავშვთა ჰოსპისი მსოფლიოს ჰოსპისების სტანდარტს შეესაბამება როგორც ფუნქციურად, ისე არქიტექტურულად. საქართველოს ჰოსპისის კონცეფცია არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალის” მიხედვით შემუშავდა. სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია ჰოსპისის სახელწოდება „ციცინათელების ქვეყანა” და მისი ინტერიერი, რომელიც ზღაპრულ სამყაროს მოგაგონებთ.
თბილისის ბავშვთა ჰოსპისი პაციენტების მიღებას მომავალი კვირიდან დაიწყებს.
###
რა არის ჰოსპისი და პალიატიური მზრუნველობა
ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.
ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერის გაწევას. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.. ბავშვებში, ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა. მოზრდილებისგან განსხვავებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ.
ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. ამიტომ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჰოსპისი მცირე ზომის, მაქსიმუმ სამსართულიან სახლებშია განთავსებული. მსოფლიოში ბავშვთა ჰოსპისების ბევრი წარმატებული მაგალითი არსებობს. ამ მხრივ, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებია ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, ამერიკა და რუმინეთი. არის ჰოსპისები, რომლებიც რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სახლს ან წარმოსახვით სამყაროს მოგაგონებთ.
საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვას და განვითარებას 1999 წლიდან ხელს უწყობს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”.