სტატუსმეტრი 1.0 – როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

11.04.2024

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის[1] კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში  – სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

სტატუსმეტრის პრეზენტაცია გახსნა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა  საქართველოში. ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნელების შეფასებით, ბოლო ხუთი თვის მანძილზე, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები 9 ნაბიჯის შესასრულებლად: 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია; უმნიშვნელო პროგრესია მეორე (ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება) და მეშვიდე (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) ნაბიჯების თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს.

ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებენ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგენენ შეფასებას არსებული მდგომარეობის შესახებ და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას. ამავდროულად, კოალიცია მზადაა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატებში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად.