არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით

7 მარ, 2021

ვეხმაურებით TV პირველის ეთერში გადაცემულ აუდიო ჩანაწერს, რომლის სავარაუდო მონაწილეები სახელმწიფოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ბერა ივანიშვილი არიან.

ჩანაწერი მიუთითებს, რომ განხორციელდა ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების დევნა და მუქარა, მათ მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატული მოსაზრებების გამო. ჩვენთვის უცნობია, რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერი, თუმცა მისი შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანს შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს.

გავრცელებული ჩანაწერის ერთერთი სავარაუდო თანამონაწილეა მოქმედი პრემიერ მინისტრი, რომელიც არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტი. ჩანაწერის ნამდვილობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისვას მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

ამავე დროს, რთული წარმოსადგენია სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა დაიმსახუროს საზოგადოებრივი ნდობა, სანამ პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ და რომელთაც საგამოძიებო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, თანამდებობებზე დარჩებიან.

ამ ეტაპზე, კრიტიკულად აუცილებელია გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს მყისიერად გაეცეს პასუხი.

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს  დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით და ცხადი პასუხი გასცეს მის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებული ინსტრუმენტები და პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს განმარტებები. გავრცელებული ჩანაწერი და მასში პრემიერ-მინისტრის სავარაუდო მონაწილეობა უნდა გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი საექსპერტო ან/და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის შესასწავლად. საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ეს პროცესი წარიმართოს დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ. აგრეთვე, უზრუნველყოფილ იქნეს პროცესში დამოუკიდებელ დამკვირვებელთა/ექსპერტთა ჩართულობა და გადაიდგას ყველა სხვა ნაბიჯი, რაც აუცილებელია გამოძიების სანდოობის გასაზრდელად.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TIG)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო  საზოგადოება (ISFED)

საზოგადოება და ბანკები

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)

ცენტრი ემპათია

ღია საზოგადოების ფონდი

მედიაკლუბი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)