ავსტრალიის რაგბის ნაკრები ბავშვთა ჰოსპისში

04.06.2017

1 ივნისს, ბავშვთა ჰოსპისს “ციცინათელების ქვეყანას” ავსტრალიის რაგბის ნაკრები ესტუმრა. მორაგბეები საქართველოში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ და ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს ჰოსპისის ბავშვები მოინახულეს.

ავსტრალიის ნაკრების მორაგბეებმა ჰოსპისში კედელი მოხატეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ბავშვებთან. ამასთან სოლიდარობის ნიშნად, მორაგბეებმა ფეისბუკის საკუთარ გვერდებზე პროფაილ ფოტოდ ჰოსპისის ლოგო დააყენეს.

საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა” 2017 წლის იანვარში გაიხსნა. “ციცინათელების ქვეყანა” ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც უფასოდ ემსახურებიან ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს. 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 12 ბავშვისა და მშობლისთვის არის შესაძლებელი, აქ ფუნქციონირებს დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე რჩებიან, მუშაობს ასევე შინ ზრუნვის სამსახური,  რომელსაც ამჟამად 31 პაციენტი ჰყავს.

„მსოფლიო რაგბის” მიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მნიშვნელობით მეორე ადგილზეა (მსოფლიო თასის შემდეგ) და ის წელს მეათედ სწორედ საქართველოში იმართება. ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას აქამდე არასდროს უმასპინძლია.

2017 წლის ჩემპიონატის თამაშები 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. საქართველოში ითამაშებენ: ინგლისის, ირლანდიის, ავსტრალიის, უელსის, სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიის, არგენტინის, საფრანგეთის, შოტლანდიის, საქართველოს, იტალიისა და სამოას რაგბის ნაკრებები.

პრესა ამ თემაზე…