ბავშვთა ადრეული განვითარება- საგანმანათლებლო კვირეული აჭარაში

30 სექ, 2016

2 ოქტომბერს,  ქ.ბათუმში ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ საგანმანათლებლო კვირეული დაიწყო.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს გაუძღვებიან „ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია” და აშშ-დან და პორტუგალიიდან მოწვეული  ექსპერტები.

კვირეულის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები ტარდება:

2 ოქტომბერი, 9.30 საათი- სამეცნიერო სკოლის „ნეიროგანვითარებითი დარღვევები” გახსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სკოლის მიმდინარეობა: 2-7 ოქტომბერი.

2-20 ოქტომბერი- სამკვირიანი პროფესიული კურსი ადრეული ინტერვენციის პროფესიონალების მოსამზადებლად ქობულეთიდან და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან.  ადგილი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის 13.

კვირეულის ჩატარების შემდგომ იგეგმება ბავშვთა ადრეული განვითარების სასერტიფიკატო და სამაგისტრო პროგრამის შექმნა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც რეგიონებში ამ საკითხის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობას და პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა,  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით მოხდება ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების ახალი ჯგუფების მომზადება.

###

ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ საქართველოში:

2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5%-ს აღენიშნება. საქართველოში 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 300 000 ბავშვია, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა 25 000 ბავშვს უნდა ჰქონდეს.

ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 7  წელია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 2 წელია ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ვაუჩერების რაოდენობა ყოველწლიურად 40%-ით იზრდება, ის მაინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. მოცემულ ეტაპზე, მომსახურების მიღების მსურველი 841 ბავშვია, არსებული ბიუჯეტით 520-მდე  ბავშვის მომსახურება ხერხდება.

ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციამ რამდენიმე თვის წინ ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სტრატეგია ითვალისწინებს მდგრადი და მუდმივად მოქმედი სისტემის შექმნას, სადაც ეფექტურად ხდება ჩარევის საჭიროების მქონე ბავშვის იდენტიფიკაცია და რეფერალი, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი სერვისი, მომსახურე პერსონალი კი მუდმივად გადამზადებულია.

ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება თბილისსა და რამდენიმე ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ქობულეთში, თელავში და ლაგოდეხში ხორციელდება.

განვითარების შეფერხება არ გულისხმობს მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობას. განვითარების შეფერხება შესაძლოა გამოხატულ იქნას კომუნიკაციური უნარის ან მეტყველების პრობლემით, ასოციალურობით, ყურადღების დეფიციტით და სხვა ქცევითი დარღვევით.  განვითარების შეფერხების დადგენა ხდება სხვადასხვა გამოკვლევით, რომლის შემდეგ ბავშვი ადრეულ  ჩარევას საჭიროებს. ადრეული ჩარევის ბენეფიციარები შეიძლება გახდნენ ბავშვები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი ან ნებისმიერი დარღვევა, რომელიც იწვევს განვითარების შეფერხებას.

ბავშვთან და მის ოჯახთან მომუშავე გუნდი დაკომპლექტებულია ადრეული ინტერვენციის სპეციალისტით, ფსიქოლოგით, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტებით. განვითარების შეფერხების შემთხვევაში, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა 3 წლამდე, უკიდურეს შემთხვევაში კი 7 წლის ასაკამდეა ეფექტური.

ადრეული ჩარევა არ გულისხმობს ბავშვთა რეაბილიტაციას. იგი მორგებულია ოჯახის საჭიროებებზე. ადრეული განვითარების პროგრამა ოჯახთან მუშაობის გარდა ითვალისწინებს ბავშვებთან მუშაობის და განვითარების მეთოდების დანერგვას საბავშვო ბაღებში.