ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამის მესამე ეტაპი ორ საჯარო სკოლაში განხორციელდება

19.03.2018

 

„არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტმა” ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით სკოლებში  ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამის მესამე ეტაპს იწყებს.   ამის შესახებ ორგანიზაციებმა 19 მარტს, ფონდის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

2018 წლის განმავლობაში, ორგანიზაცია პროგრამის პილოტირებას უკვე საჯარო სკოლებში უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულნი არიან N156 და N31 საჯარო სკოლები. პროექტის ფარგლებში ერთი მხრივ, უშუალოს საპილოტე სკოლებში დაინერგება ანტიბულინგური პროგრამა, მეორე მხრივ კი, სრულყოფილად გამოცდილი მეთოდოლოგია მომზადდება მის დასანერგად სხვა საჯარო სკოლებშიც. ანტიბულინგური პროგრამა ითვალისწინებს სკოლის კლიმატის კვლევის შედეგად გამოვლენილ საჭიროებებზე დაფუძნებულ ინტერვენციას და მუშაობას სკოლის თემის თითოულ რგოლთან (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, ადმინისტრაცია).

პროექტის პირველ ეტაპზე, განათლების სამინისტროს მხრიდან სასკოლო ბულინგის პრობლემის არაღიარებისა და თანამშრომლობის პროცესში შექმნილი გარკვეული ბარიერებიდან გამომდინარე, არ გახდა შესაძლებელი პროგრამაში საჯარო სკოლების ჩართვა. ამიტომაც, პილოტირების პირველი ეტაპი კერძო სკოლებს მოიცავდა. ამ მიმართულებით მიღებული გამოცდილების და პარალელურად, საჯარო სკოლებში განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის გათვალისწინებით, რამდენიმე საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ გამოხატა სკოლაში კომპლექსური, ანტიბულინგური სასკოლო პროგრამის დანერგვის სურვილი. სწორედ მათ შორის შეირჩნენ N156 და N31 საჯარო სკოლები პილოტირების შემდგომი ეტაპისთვის.

პროგრამის განვლილი ეტაპის ფარგლებში შემუშავდა პირველი კომპლექსური ანტიბულინგური სასკოლო პროგრამის მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს სკოლის კლიმატის კვლევის ინსტრუმენტებს, მასწავლებელთა სახელმძღვანელოებს უფროსკლასელთათვის და უმცროსკლასელთათვის და სასკოლო მედიაციის სახელმძღვანელოს.

პროგრამის ფარგლებშივე, მიღწეულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, რომლებიც უწევენ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას არასრულწლოვნებს, ფლობენ ექსპერტიზას რომელიმე კონკრეტული მიმართულებით და მუშაობენ სასკოლო ბულინგის ან მასთან მომიჯნავე საკითხებზე. შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა შიდა-რეფერალური მექანიზმი და ერთგვარი პლატფორმა ანტიბულინგური პოლიტიკის ადვოკატირებისთვის.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებების, ასევე, სხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, გაერთიანება სასკოლო ბულინგის პრობლემატიკის გარშემო.

მოწვეულ სტუმრებს წარედგინათ პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგია. წარმოდგენილ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება  განხილულ იქნა პროგრამის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები და   განათლების სამინისტროს როლი ამ მიმართულებით.

 

 

 

 

 

სიახლეები

მულტიმედია