ჩემი ხმა ევროკავშირს - კოალიციის განცხადება (7-14 ოქტომბერი)

14 ოქტ, 2024

დამკვირვებლები

ამ ეტაპზე რეგისტრაცია გავლილი აქვს დამკვირვებლობის 3335 მსურველს. მიმდინარეობს მათთან გასაუბრების პროცესი. შერჩეული 800 დამკვირვებლისთვის უკვე ჩატარდა 25 ტრეინინგი. დამკვირვებელთა რეგისტრაცია გაგრძელდება 19 ოქტომბრამდე. კვლავ მოგიწოდებთ, შემოგვიერთდით  და გახდით დამკვირვებელი.

ამომრჩევლებზე ზეწოლა

გასულ კვირას სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა “ გამოეხმაურა ამომრჩეველთათვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტების ჩამორთმევის ფაქტებს.  კერძოდ, რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ მოხელეებს და ასევე, სოციალურად დაუცველ პირებს, ართმევენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასეთ ფაქტებზე მიუთითებენ ზუგდიდში, ყვარელში, ქუთასისა და თბილისში და შესაბამისად, ატარებს მასშტაბურ ხასიათს. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება გარდა იმისა რომ შიშს ნერგავს ამომრჩევლებში, წარმოადგენ ასევე სისხლის სამართლის დანაშაულს. [A1] 

 

2024 წლის 12 ოქტომბერს მედიით გაშუქებული (ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის” გამოშვებაში ასახული) ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა ადმინისტრაციული რესურსის  გამოყენების ახალი ფაქტების შესახებ. როგორც ირკვევა, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას და მათი შემდგომი დამუშავების მიზნით, მმართველი პარტიისთვის გადაგზავნას. სპეციალურ საიდუმლო სიაში, რომელიც ჟურნალისტის ხელში აღმოჩნდა, შეყვანილი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საჰაერო ნავიგაციის, აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები – მათი სახელები, გვარები, პირადი ნომრები, მისამართები და ტელეფონის ნომრები.

გავრცელებული ინფორმაციები აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლებზე, მათ შორის, საჯარო მოხელეების ნებაზე ზეწოლას, რათა მათ ხმა, საკუთარი ნების მიუხედავად, ,,ქართულ ოცნებას” მისცენ. იკვეთება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლის ნებაზე იძლებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, მაშასადამე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1644,  332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნები. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არის გამოძიების დაწყების საფუძველი, თუმცა ამ დრომდე პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები არ აკეთებენ არავითარ განმარტებას მათ მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ. მივმართავთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შესახებ, ვინაიდან ასეთი ფაქტები არსებით ზიანს აყენებს როგორც თითოეულ ამომრჩევლის უფლებას, ასევე ზოგადად არჩევნებს.

ანტიკორუფციული სამსახური

ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ დამატებით 592 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო. ახალ შემომწირველ კომპანიებს 17 მილიონი ლარი აქვთ მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. მათვე, მილიონ ლარამდე სუბსიდია აქვთ მიღებული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც გამქრალია საჯარო სივრციდან პრემიერ-მინისტრის მიცემული მითითების საფუძველზე მის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების მიმართ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, შეისწავლოს მმართველი პარტიის ფინანსური საქმიანობა და მათი შემომწირველები.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ქმედებები

შემაშფოთებელია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ქმედებები კრიტიკული არხების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომითის ტრაგედიით მანიპულაციის გამო ქართული ოცნების ამ შინაარსის საარჩევნო რეკლამაზე უარის თქმა სამი არხის – “ფორმულას”, “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” – მხრიდან კანონიერი ქმედება იყო, კომუნიკაციის მარეგულირებელმა კომისიამ ისინი მაინც დააჯარიმა. ამ ფაქტამდე, ამავე არხებმა უარი თქვეს ომის თემატიკაზე ,,ქართული ოცნების“ კიდევ ერთი საარჩევნო კლიპის გაშვებაზე, რომელშიც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ ნაჩვენები.  კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას შევახხსენებთ: ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის განთავსება. ამავე კანონის 56-ე მუხლს, რომლითაც იკრძალება ,,ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა” და 552 მუხლს, რომელითაც აკრძალულია ძალადობისა და სიძულვილის წაქეზება (სიძულვილის ენის გამოყენება) რეკლამაში, მათ შორის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ნიშნით. აამსთან, გასულ კვირას,  საზოგადოებრივ მაუწყებელს და ტელეკომპანია „ფორმულას“, რომლებმაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღიარეს კვლიფიციურ სუბიექტად და განაცხადეს თანხმობა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შეუქმნა ხელოვნური ბარიერები – საზოგადოებრივ მაუწყებელს არ მისცა რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, ხოლო „ფორმულა“ ცნო სამართალდამრღვევად. საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს არანაკლებ 4%-იანი მხარდაჭერა, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებით. კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს აქვს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება.