სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“, რომელიც აერთიანებს 30 არასამთავრობო ორგანიზაციას, ემზადება საპარლამენტო არჩევნების უპრეცედენტოდ მასშტაბურ სადამკვირვებლო მისისთვის, რომლის მიზანია სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობა და ქართველი ამომრჩევლების ხმების დაცვა. ჩვენი დამკვირვებლები არჩევნებს დააკვირდებიან როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში გახსნილ უბნებშიც.
გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ დრომდე სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ:
სადამკვირვებლო მისიაში ამ ეტაპისთვის უკვე დარეგისტრირებულია სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 1820 დამკვირვებელი, საქართველოს ყველა რეგიონიდან და მათ შორის, უცხოეთიდან.
სადამკვირვებლო მისიამ შეიმუშავა არჩევნების დაკვირვების სპეციალურ მეთოდოლოგია, რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე წინა არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებებს. ასევე, მისიამ დანერგა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ჩვენს დამკვირვებლებს დაეხმარება არჩევნების დღეს დაკვირვებაში, დარღვევების გამოვლენასა და აღრიცხვაში. ყველა დამკვირვებელი გაივლის სპეციალურ ტრენინგს, სადაც მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას როგორ აღმოაჩინოს დარღვევები და უზრუნველყოს არჩევნების გაყალბების პრევენცია. ამ მიზნით უკვე გადამზადებულია 60 ტრენერი, რომლებიც დამკვირვებელთა გადამზადებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.
სადამკვირვებლო მისიას ,,ჩვენი ხმა“ პერმანენტულად ცვლის ინფორმაციას მიმდინარე საკითხებზე სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, მათ შორის ეუთო/ოდირის, IRI, NDI, ENEMO, PACE ორგანიზაციებთან და აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან.
ჩვენ ვაგრძელებთ დამკვირვებელთა რეგისტრაციას და დაინტერესებულ მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ რეგისტრაცია ვებ-გვერდის – wevote.ge-ს მეშვეობით შეუძლიათ.
ხელისუფლების მიერ ჩვენი საქმიანობის ხელშეშლის მიზნით დაწყებული კამპანია
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების არსებითი შემადგენელი ნაწილია დაკვირვება. შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ და ხელს უნდა უწყობდნენ სადამკვირვებლო მისიებს მათი ფუნქციების განხორციელებაში. სამწუხაროდ, ხელშეწყობის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას კოალიციის წევრ ორგანიზაციებზე, ისინი თავს ესხმიან ყველა პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც აცხადებენ რომ „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ქოლგის ქვეშ არსებულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაციას – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და მის აღმასრულებელ დირექტორს – ეკა გიგაურს აუკრძალა რესურსების სადამკვირვებლო მისიისთვის გამოყენება. ანტიკორუფციული ბიუროს კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი აქტი, როგორც გამოხატვის თავისუფლების დარღვევის აშკარა ნიმუში, ჩვენ უკვე გავასაჩივრეთ სასამართლოში, თუმცა ამ უკანონო აქტის მოქმედება გრძელდება და აბრკოლებს სადამკვირვებლო საქმიანობას.
ცალსახაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით ხელისუფლება ცდილობს სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას, რესურსებზე წვდომის და გამოყენების აკრძალვას, ხოლო ორგანიზაციების ქონების დაყადაღებისა და დაჯარიმების მუქარით -სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობის შეფერხებას. მოსალოდნელია,
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა 27 სექტემბერს დაასახელა კოალიციის რამდენიმე ორგანიზაცია – „საქართველოს მომავლის აკადემია“, „პრევენცია პროგრესისთვის“ და „სამოქალაქო იდეა“, როგორც არასანდო და პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციები. მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის აღნიშნული განცხადება წარმოადგენს მითითებას ანტიკორუფციული ბიუროსთვის, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიმართ გამოყენებული რეპრესიული და უკანონო პრაქტიკა გაავრცელოს სადამკვირვებლო კოალიციის სხვა წევრებზე. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ არჩევნების დღის დაკვირვების მისია წარმატებით განხორციელდეს.
სიძულვილის კამპანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ როგორც წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი
ცალკე აღნიშვნის ღირსია პოლიტიკური პარტიების მხრიდან, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად ქცევის მცდელობა, მათ შორის, ყველა წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამაში ამ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებზე მითითება და ნეგატიურად ჩვენება.
კერძოდ, მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამაში ჩვენი კოალიციის წევრი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების ნეგატიურ და სიძულვილის შემცველ კონტექსტში გამოყენება არღვევს წინასაარჩევნო რეკლამის მარეგულირებელ კანონმდებლობას, არის არაეთიკური და მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას.
მიუხედავად არაერთი საჩივრისა როგორც მედიასაშუალებების, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, ასევე, სასამართლომ, კრიტიკული მედიასაშუალებები დააჯარიმა და არაეთიკური რეკლამების გავრცელება დაავალა. ცესკომ, ასევე, მიიჩნია, რომ მსგავსი წინასაარჩევნო რეკლამები არ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას.
უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების ხმის უფლების შეზღუდვა
კოალიცია „ჩემი ხმა“ მიუთითებს საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო სიაში აღრიცხვის გაუმჭვირვალობაზე.
26 სექტემბერს ცესკომ 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი შექმნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული განახლებული მონაცემების საფუძველზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქისთვის.
საგულისხმოა, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროვებს ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი მოქალაქეების რაოდენობის შესახებ, რომელიც რამდენადმე უნდა აღემატებოდეს ცესკოსთვის მიწოდებულ ამომრჩეველთა რაოდენობას. 2024 წლის წლის 20 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა საქართველოს 67 347 მოქალაქე.
ამ დროის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებ-გვერდზე, ყოველდღიურად იზრდება საკონსულო აღრიცხვაზე ონლაინ სისტემით დარეგისტრირებულთა რაოდენობის სტატისტიკური მაჩვენებელი.
მაღალი საჯარო ინტერესბიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია:
- რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით;
- საკონსულო აღრიცხვაზე მდგარი საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეებიდან რამდენი ვერ მოხვდა ცესკოსთვის გადაცემულ სიაში და რა მიზეზით, მიზეზების მიხედვით ამორიცხული მოქალაქეების შესაბამისი რაოდენობით;
- თითოეულ სახელმწიფოში საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი მოქალაქეთა რაოდენობა.
ვიმედოვნებთ, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ დამკვირვებლების გარეშე ჩატარებული არჩევნები არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური და შეწყვეტს საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ზემოხსენებული ფაქტების მიუხედავად, ჩვენი მისია აგრძელებს მუშაობას საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმის დასაცავად. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას იმისათვის, რომ მოვიცვათ ყველა საარჩევნო უბანი როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ.