სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის კვლევა

დასრულებული

ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამა აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

ზოგადი ინფორმაცია

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას”, რომელიც ქმნის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვება მოხდება ეტაპობრივად, დირექტივების და რეგულაციების კანონმდებლობაში ასახვით, რომლებიც შეთანხმებულია ვადების მიხედვით.

2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მასშტაბით მთელი ავტოპარკისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა. სავალდებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიზანია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის დირექტივის 2014/45/EC ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ”  დანერგვის გზით საქართველოს სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებების რეგლამენტით გათვალიწინებულ ტექნიკურ მდგომარეობაში მოყვანას სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირების გზით. ინსპექტირების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალება მოწმდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს მასშტაბით  სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის კვლევა და ადვოკატირება ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის დახვეწის მიზნით.

ამოცანები

  • სავალდებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შესაბამისობის დადგენა “ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის 2014/45/EC დირექტივასთან;
  • სავალდებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის იმპლემენტაციის ეფექტიანობის განსაზღვრა ადმინისტრირების, მონიტორინგის, კორუფციის რისკების, გარემოზე ზემოქმედების, საზოგადოების ცნობიერების ხარისხის და სხვა ფაქტორების მიხედვით;
  • გამოვლენილი ნაკლოვანებების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და ადვოკატირება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაზე პასუხისმგებელ უწყებებთან. შესაბამისად პროექტში წარმოდგენილი უნდა იყოს ადვოკატირების სტრატეგია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, ანალიტიკურ ცენტრებს და დამოუკიდებელ მკვლევარებს, რომელთაც გააჩნიათ აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

განიხილება მხოლოდ ელექტრონულად მიღებული განაცხადები.  მიუთითეთ კონკურსის დასახელება შესაბამის გრაფაში.

მასალის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის ოთხშაბათი, 26 ივლისი, 18:00 საათი ადგილობრივი დროით.

პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 20,000 აშშ დოლარს.

დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაცია გაიმართება ორშაბათს 8 ივლისს 17:00 საათზე.

საკონტაქტო პირი: სალომე კაჭარავა, ევროინტეგრაციის პროგრამის ასისტენტი

ელ ფოსტა: salome@csf.ge; ტელ: +995 32 225 04 63 (ext.125)