ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში

დასრულებული

ფოტო: რადიო “თავისუფლება”, დავით მჭედლიძე

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციების, ანალიტიკური ცენტრებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის.

2014 წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, ეროვნული უმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის 13.20%-ს შეადგენენ (საქსტატი, 2016). უმცირესობების მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ კულტურულ ცხოვრებაში დემოკრატიული სახელწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობაა. ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჩატარებული გამოკითხვები მოწმობენ, რომ ამ ჯგუფებში განაწყენების, გაუცხოების, დაუცველობისა და უსამართლობის განცდა არსებობს (GCSD, 2018). ნდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ დაბალია, რაც პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის სუსტ კავშირზე მიუთითებს, ეს კი გავლენას ახდენს პოლიტიკურ ჩართულობაზე (კახიშვილი, 2019). ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ცხოვრებიდან, მათი ინტეგრაციის დაბალი დონე საჯარო პოლიტიკაში ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას. პოლიტიკური გაუცხოებისა და ექსკლუზიის პროცესში განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ეთნიკური უმცირესობების ქალი წარმომადგენლების მდგომარეობა, რადგანაც ქართული საზოგადოება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ისედაც დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება (Institute of Social Studies and Analysis, 2019).

“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი”-ს (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით პოლიტიკური პარტიების პროგრამები სათანადოდ არ ასახავენ ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს და არც კვოტირების პრაქტიკა არსებობს, რომელიც წაახალისებდა პარტიებში ამ ჯგუფების წარმომადგენლების ყოფნას (Institute of Social Studies and Analysis, 2019, p. 87). ამავე კვლევის მიხედვით ეთნიკური უმცირესობების დიდ უმრავლესობას არ მიუღია მონაწილეობა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში (წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, საკრებულოს სხდომებზე დასწრება, სამუშაო პრიორიტეტების განსაზღვრა და ა.შ.). ხოლო პოლიტიკური მონაწილეობის სხვა ფორმებს რაც შეეხება, ბოლო ორი წლის განმავლობაში არცერთ პოლიტიკურ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა რესპონდენტთა 61.6%-ს.

კონკურსის მიზანი: საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, განსაკუთრებით ქალების, პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობის ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდა

ამოცანები:

  • არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების მიმართ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დაინტერესების გაზრდა და ჩართვის შესაძლებლობების გაფართოება
  • ეთნიკური უმცირესობების საკითხების საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგში გათვალისწინებისა და სამთავრობო პროგრამებში ასახვის ხელშეწყობა.

საილუსტრაციო აქტივობები:

  • პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმირება
  • პოლიტიკური პარტიების საქმიანობის და პარტიული პოლიტიკის შესახებ ცოდნის ამაღლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში
  • საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) თანამშრომლობა/ცესკოს აქტივობებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის უზრუნველყოფა
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება პარტიულ სტრუქტურებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდის მიზნით
  • ადგილობრივი თვიმმართველობის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შორის ინტერაქციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

საკონკურსო განაცხადი შეიძლება პასუხობდეს ერთ ან ორ ამოცანას და ითვალისწინებდეს რამდენიმე აქტივობის განხორციელებას. ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები არის მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვის, დასახული მიზნის მისაღწევად შესაძლებელია განსხვავებული განხორციელების გზების შემოთავაზება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანალიტიკურ ცენტრებსა და საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ამ მიმართულებით საქმიანობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება.

განიხილება მხოლოდ ელექტრონულად მიღებული განაცხადები. გთხოვთ იხილოთ განაცხადის ფორმა მიუთითეთ კონკურსის დასახელება შესაბამის გრაფაში.

მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას 2019 წლის 1 ივლისის 17 საათამდე

პროექტის ხანგრძლივობა და დაფინანსება: პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა (თანამონაწილეობის გარეშე) შეადგენს 20, 000 აშშ დოლარს. პროექტისათვის მაქსიმალური თანხის მოთხოვნის შემთხვევაში სულ დაფინანსდება სამი პროექტი.

დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაცია გაიმართება 2019 წლის 24 ივნისს, 16:00 საათზე

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ჭოველიძის 10. საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაველიძე, ელ.ფოსტა: niniko@csf.ge

გამოყენებული ლიტერატურის სია:

  • GCSD. (2018). რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების მექანიზმების გაუმჯობესება. თბილისი: GCSD.
  • Institute of Social Studies and Analysis. (2019). ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. Tbilisi: OSGF.
  • TDI. (2017). სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი. თბილისი: TDI.
  • კახიშვილი, ლ. (2019). ქართული პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის კლებადი ტენდენცია. თბილისი: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.
  • საქსტატი. (2016). მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. თბილისი: საქსტატი.