2014 წლის 29 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ყაზბეგში ენისა და მეტყველების თერაპევტთა საუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამის მოსამზადებლად მომავალი პედაგოგებისათვის ჩატარდა სემინარი, რომელსაც უძღვებოდნენ პორტუგალიელი ექსპერტი იზაბელ ამარალი და ტრენერ-კონსულტანტი ჯოაო კანოზა.
ენისა და მეტყველების თერაპიის სპეციალისტი ან სპეციალობა საქართველოში არ არსებობს. აღნიშნული დარგის სპეციალისტთა მომზადება იგეგმება ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.
ქართულ ჯგუფთან ერთად სასწავლო გეგმის შემუშავებაზე უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ. ისინი საქართველოს 2015 წლის გაზაფხულსა და ზაფხულშიც ეწვევიან და დისტანციურ კონსულტაციებს გაუწევენ ქართველ კოლეგებს.
პროექტის გეგმის შესაბამისად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და უცხოელ ექსპერტებთან პარტნიორობით უკვე მომზადდა ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის დოკუმენტაცია და წარედგინა განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ენისა და მეტყველების თერაპევტის პროფესიის შესატანად.
პროექტი ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამის შესაბამისი სილაბუსების, კურსის პრაქტიკუმების, კლინიკური მუშაობის ასპექტების, რიდერებისა და მასალების შემუშავებასა და მომზადებას, საპილოტე სასერთიფიკატო პროგრამის განხორციელებას და სხვ.
პროექტი 2015 წლის შუა პერიოდში დასრულდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს პორტიჯის ასოციაციის მიერ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებით.