იურიდიული დახმარება ეროვნული კინოცენტრის გათავისუფლებულ დირექტორს

05.04.2022

კინოცენტრის გათავისუფლებული დირექტორის გაგა ჩხეიძის უფლებებს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით სამართლიანი არჩევნების და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები დაიცავენ. 5 აპრილს, ღია საზოგადოების ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა.  

მიმდინარე წლის 14 მარტს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – გაგა ჩხეიძე, კულტურის მინისტრის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სფეროში განხორციელებული რეორგანიზაციისა და მასშტაბური ცვლილებების შედეგად, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო, 70-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული.  

“ქალბატონმა თეამ მინისტრობის მანძილზე უკვე გაათავისუფლა 70 ადამიანი სხვადასხვა უწყებიდან, რომელიც სამინისტროს ექვემდებარება. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ მომსწრე რეპრესიებისა. ეს არის რეპრესიები პოლიტიკური ნიშნით, რეპრესიები იმ ადამიანებისადმი, რომლებიც, პირდაპირ, მისი პარტიის კურსს არ მიყვებიან. ქართულმა კულტურამ საბჭოთა რეპრესიებს გაუძლო. ამიტომ, თეა წულუკიანის რეპრესიებსაც გაუძლებს”- ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ სამართლიანი არჩევნების, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია სასამართლოში უკვე იცავენ კულტურის სფეროს 22 წარმომადგენლის ინტერესებს.  

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე არჩეული იყო მეორედ ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით და უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თვენახევარი ჰქონდა დარჩენილი. გაგა ჩხეიძე იყო ქართული ფილმის განვითარების ფონდის გამგეობის წევრი მისი დაარსების დღიდან – 2005 წლიდან, საიდანაც, ასევე, თეა წულუკიანმა გაათავისუფლა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 30 მარტს გამოცხადებული კონკურსის შედეგების თანახმად, კულტურის სამინისტრო არ დააფინანსებს გაგა ჩხეიძის დაარსებულ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს. გაგა ჩხეიძე 35 წელია კინოს სფეროში მუშაობს, როგორც ევროპაში, ასევე, საქართველოში და დარგის აღიარებული სპეციალისტია. ის არის ევროპის კინოაკადემიის წევრი. კინოცენტრში მისი დირექტორობის განმავლობაში განხორციელდა არაერთი შიდა და საერთაშორისო პროექტი, რაც დადებითად ფასდებოდა ქართული კინოს განვითარების მხარდაჭერისა და სწორი კინოპოლიტიკის გამო. 

“უკანასკნელი წლის მანძილზე სამინისტროსა და კინოცენტრს შორის ურთიერთობა რთულად მიმდინარეობდა.  ყველა ჩვენი წერილი, თხოვნა შეხვედრის თაობაზე თუ მიმდინარე საკითხებზე, უპასუხოდ რჩებოდა. თეა წულუკიანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სახელმწიფოს მხრიდან კინოცენტრის მიერ დაფინანსებული სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება. გარდა ამისა, მინისტრი უკმაყოფილყო იყო პეტიციით, რომელიც ითხოვდა, რომ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად არ დანიშნულიყო. მას ჰქონდა წარმოდგენა, თითქოს კინოცენტრის თანამშრომლებიც აწერდნენ პეტიციას ხელს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.”- გაგა ჩხეიძე, კინოცენტრის გათავისუფლებული დირექტორი.

 

სიახლეები

მულტიმედია