ესტონეთის გამოცდილება ევრო-ინტეგრაციის პროცესში

15.01.2010

“ესტონეთის გამოცდილება ევრო-ინტეგრაციის პროცესში” (სასწავლო პროგრამა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის) ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” ფონდ “ღია ესტონეთთან” თანამშრომლობით 2005 წლის 10-17 ივნისს ტალინში (ესტონეთი), მოაწყო სასწავლო პროგრამა ათამდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის. პროგრამის საშუალებით მონაწილენი გაეცნენ ევროკავშირთან ურთიერთობის ესტონურ გამოცდილებას და დაამყარეს ურთიერთობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პროგრამის სასემინარო ნაწილი მიმდინარეობდა ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ბაზაზე. მათ წარმართავდნენ როგორც თავად დიპლომატიური სკოლის თანამშრომლები, ისე მოწვეული ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან. სემინარის თემები ეხებოდა ესტონურ გამოცდილებას შემდეგ საკითხებზე:  • ქვეყნის მზადება ევროკავშირში გაწევრიანებისათვის;  • ევროკავშირის ფინანსური დახმარება და არასამთავრობო ორგანიზაციები;  • სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობები;  • საზოგადოებრივი აზრი ევროკავშირში წევრობაზე;  • პირველი წელი ევროკავშირში  ამ თემებისადმი პროგრამის მონაწილეთა ინტერესს აღვივებდა ის გარემოება, რომ მათი უმრავლესობა ჩართულია საქართველოსათვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის (AP) შემუშავების პროცესში. კერძოდ, იმ სამუშაო ჯგუფებში, რომელნიც სამოქმედო გეგმისათვის (AP) სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან საკონსულტაციო წინადადების შეიმუშავებენ. მასპინძლებმა გაითვალისწინეს სტუმართა ინტერესი და რამოდენიმე სესია მიუძღვნეს ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს პერსექტივის თემას. ესტონელმა ექსპერტებმა არ დაიშურეს რჩევები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საკითხებზე. სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქართველთა შეხვედრა მსგავსი პროფილით მომუშავე ესტონელ კოლეგებთან არასამთავრობო სექტორიდან. საინტერესოა, რომ ქართული ა.ო-ების ერთ-ერთი ამგვარი შეხვედრა არაესტონელთა ინტეგრაციის ფონდში, დაემთხვა იმავე ორგანიზაციაში საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტს. ესტონელი მასპინძლების მონდომებამ ნაყოფი ჯერ კიდევ ტალინში ყოფნისას გამოიღო, დაგეგმილი შეხვედრების შედეგ, სემინარის ქართველმა მონაწილეებმა, რამოდენიმე საღამო ENP-ს AP-სათვის ახალი წინადადებების შემუშავებას დაუთმეს. წყარო: ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ინტეგრაციის პროგრამა.