ეტლით მოსარგებლე სოფიოს გზა სტერეოტიპებიდან თავდაჯერებულობამდე

29 ივნ, 2023

„შშმ პირი თუ ხარ, ხშირად, გარშემომყოფებს ჰგონიათ, რომ ვერ დასაქმდები, რაღაცას ვერ შეძლებ, ვერ გააკეთებ… მეც არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს საჭიროებებზე მორგებული სამუშაო გარემო მოიძებნებოდა მანამ, სანამ ეს შესაძლებლობა არ მომეცა“, გვიამბობს სოფიო ქოქოლაძე, რომელიც LINKS პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო კურსებს დაესწრო და ახლა ანაზღაურებად სტაჟირებას გადის.

სოფიო მე-9 კლასში იყო, როცა სკოლიდან გამოვიდა. ექიმებთან ვიზიტების გამო, ხშირად უწევდა გაკვეთილების გაცდენა, რაც სკოლის მიდგომებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. მას შემდეგ, მაინც სულ რაღაცას სწავლობს: ხან ესპანურს, ხანაც ფსიქოლოგიას… ახალი ცოდნის შეძენის წყურვილით აღმოჩნდა LINKS პროექტშიც, რომლის ფარგლებშიც, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მხარდაჭერით, ჯერ მეწარმეობის, შემდეგ კი კომპიუტერული პროგრამების კურსებს დაესწრო. მერე კი უთხრეს, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლაც შეეძლო, რაც წარმოუდგენელ შესაძლებლობად ეჩვენებოდა. LINKS პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, “ღია საზოგადოების ფონდისა“ და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ხორციელდება.

ასე მოხვდა „შშმ ქალთა ალიანსში“, სადაც ორგანიზაციის აქტივობების პოპულარიზაციის კუთხით ჩაერთო. სოფიო ბენეფიციარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ამუშავებს და ავრცელებს, რაშიც პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა ძალიან ეხმარება.

„მე ისედაც ძალიან მადლობელი ვიყავი დასაქმების შესაძლებლობისთვის, მაგრამ როცა მითხრეს, რომ სტაჟირების გავლის სანაცვლოდ ანაზღაურებასაც მივიღებდი, სასიამოვნოდ გამიკვირდა, რადგან ეს ჩვენს ქვეყანაში იშვიათად ხდება. ბოლომდე მაშინ დავიჯერე, როცა ანაზღაურება ჩამერიცხა, თანაც ისეთ პერიოდში, როცა დაგეგმილი ოპერაციისა და წამლებისთვის თანხა მართლა ძალიან მჭირდებოდა“, იხსენებს სოფიო.

მიღებული გამოცდილებისა და მორგებული გარემოს გავლენით, სოფიომ კომპლექსები წარსულში დატოვა და ბევრი ახალი უნარი და თავდაჯერებულობა, მეგობარი და კოლეგა შეიძინა.

„ეს სტაჟირება ერთგვარი ტრამპლინი იყო ჩემთვის. ვირწმუნე, რომ რადგან ეს კარგად გამომივიდა, მომავალშიც აუცილებლად იქნება ბევრი რამ, რასაც წარმატებით გავუმკლავდები“.