27 სექტემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ერთობლივად ახორციელებდნენ.
სამი წლის განმავლობაში, LINKS პროექტში 1,200 ადამიანი ჩაერთო. მონაწილეთა ნახევარზე მეტი დასაქმების, განათლებისა თუ ტრენინგის მიღმა დარჩენილი ე.წ. NEET ახალგაზრდა იყო. პროექტის ფარგლებში განხორციელებული მრავალმხრივი საქმიანობის შედეგად, 87 ახალგაზრდა სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო, ანაზღაურებადი და კვალიფიციური სამსახურის გამოცდილება მიიღო, მათ შორის 50 კი დასაქმდა. ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებულ ტრენინგებზე 600-მა ახალგაზრდამ ძირითადი კომპეტენციები შეიძინა, 450-მა ახალგაზრდამ კი კარიერული კონსულტაციები მიიღო. ამასთან, პროექტმა 410 ახალგაზრდისთვის ინგლისური ენის, 547 ახალგაზრდისთვის კომპიუტერული უნარების, ბიზნეს საქმიანობის დაწყების 390 მსურველისთვის კი მეწარმეობის კურსები უზრუნველყო. მიზნობრივად მოწყობილმა დასაქმების ფორუმმა 750 მონაწილე გააერთიანა. ასევე, დაფინანსდა 8 სტარტაპ იდეა, რომელთა დახვეწასა და განვითარებაში მონაწილეობას გამოცდილი სპეციალისტები იღებდნენ.
ღონისძიებაზე არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები გაეცნენ იმ აქტივობებს, რომლებიც ოთხ სამიზნე რეგიონში (აჭარა, გურია, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი) განხორციელდა. მათ შორისაა:
ცოდნისა და უნარების განვითარების (LINKS) ცენტრების საქმიანობა; მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი; ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარების, დასაქმებისა და სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი ტრენინგები; შექმნილი ონლაინ რესურსები თუ შრომის ბაზრის მონიტორინგის ინსტრუმენტი, დასაქმების ფორუმი, რეგიონული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა თუ საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლების გასაძლიერებლად განხორციელებული ღონისძიებები.
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs) ფარგლებში, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ.
მედია ამ თემაზე: