ევროპის საბჭოს ექსპერტის ვიზიტი ადვოკატთა ასოციაციაში უფასო იურიდიული დახმარების პროექტის შესაფასებლად

29 სექ, 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ორდღიანი ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს ექსპერტი – რიტის იოკუბაუსკასი. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტმა შეისწავლა ღია საზოგადოების ფონდის და ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

ორ დღიანი ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს ექსპერტი – რიტის იოკუბაუსკასი შეაფასებს მიმდინარე პროექტის პროგრესს და შეიმუშავებს სპეციალურ ანგარიშს , სადაც ასახული იქნება პრობონო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისთვის საჭირო რეკომენდაციები და საუკეთესო ევროპული პრაქტიკა უფასო სერვისების გაწევის მიმართულებით.

“ადვოკატთა ასოციაციის პრობონო სერვისების დახვეწის მიზნით, მნიშნელოვანია უცხოური გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღება და ისეთი კვალიფიციური ექსპერტის მოსაზრებების მოსმენა, როგორიც ბატონი რიტისია. ეს დაგვეხმარება, რომ ჩვენი სერვისი კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი და ხარისხობრივადაც გავაუმჯობესოთ იგი“ – განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.