ხშირად დასმული შეკითხვები

კონსულტაციის დანიშვნამდე, გთხოვთ, გაეცნოთ ფონდის მიმდინარე პროგრამების პრიორიტეტებს, განაცხადების მიღების კრიტერიუმებსა და ჩვენს პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

ვის შეუძლია დაფინანსების მიღება?

ფონდიდან დაფინანსების მიღება შეუძლიათ არამომგებიან, არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს.
ფონდის საქმიანობა შესაბამისობაშია გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან, რომლის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი,  საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი, მისი წარმომადგენლობა-ფილიალი, განყოფილება.

შეიძლება თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქემ შემოიტანოს პროექტი?

გრანტების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გრანტის მიმღები ვერ იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქე.  გრანტის მიღების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს,  საქართველოს რეზიდენტ ან არარეზიდენტ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, მის წარმომადგენლობას-ფილიალს, განყოფილებას.

რამდენწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს ორგანიზაციას, რომელსაც ფონდის გრანტის მიღება სურს?

ფონდი მხარს უჭერს როგორც გამოცდილ, ისე ახლადდაარსებულ ორგანიზაციებს.

შესაძლებელია თუ არა პროექტის შემოტანა იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მიმდინარე პერიოდში ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს?

პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ პროექტის წარმდგენი, მოცემულ მომენტში, ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს. ერთსა და იმავე პერიოდში მიმდინარე პროექტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ პროექტს.

როგორ წარმოვადგინოთ პროექტი ფონდში?

საპროექტო განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, საგრანტო განაცხადის ფორმის შევსების მეშვეობით.

როგორი უნდა იყოს პროექტის ხანგრძლივობა?

პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. მისი განხორციელების ვადა უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ საქმიანობას.

რა უნდა იყოს პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი?

პროექტის ბიუჯეტის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის. ბიუჯეტი უნდა იყოს ხარჯთეფექტური, დასაბუთებული და შეესაბამებოდეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობას.

ბიუჯეტის რა ნაწილი შეიძლება ითვალისწინებდეს ხელფასს?

სახელფასო ბიუჯეტის ზღვარი დადგენილი არ არის და დამოკიდებულია პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.

რა ვადაში განიხილება პროექტი?

საგრანტო განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრაციიდან 2 თვის განმავლობაში.

როგორ განვსაზღვროთ პროექტის დაწყების თარიღი?

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მისი დაწყების თარიღი აითვლება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. შესაბამისად, პროექტის დაწყების თარიღის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოთ პროექტის განხილვისა და დამტკიცებისთვის საჭირო 2 თვის ვადა.

ვინ უნდა იყოს პროექტის რეკომენდატორი? რეკომენდაცია პროექტს უნდა ეხებოდეს თუ პროექტის წარმდგენს?

პროექტის რეკომენდატორი არ უნდა იყოს  ფონდის აღმასრულებელი საბჭოსა და   საექსპერტო კომისიის წევრი, ფონდის თანამშრომელი ან რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტის მქონე პირი.
რეკომენდაცია უნდა ეხებოდეს პროექტსაც და მის წარმდგენსაც.
სასურველია, რეკომენდატორი იყოს პროექტის შესაბამის სფეროში კომპეტენციის მქონე პირი. გარდა ამისა, რეკომენდატორი უნდა იცნობდეს პროექტის წარმდგენის გამოცდილებასა და საქმიანობას.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების თაობაზე?

პირველ ეტაპზე, წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს შესაბამისი პროგრამის საექსპერტო კომისია განიხილავს.
პროექტის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი საბჭო, საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

შესაძლებელია თუ არა ფონდის მიერ დაწუნებული პროექტის ხელმეორედ შემოტანა?

სამოქალაქო საზოგადოების ფონდში კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაწუნებული პროექტის  დაფინანსების საკითხი აღარ განიხილება მომდევნო წლის მანძილზე და/ან მიმდინარე სტრატეგიული პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, შინაარსობრივად დაწუნებული პროექტის მსგავსი განაცხადი მოკლებულია დაფინანსების შესაძლებლობას. პროექტის ხელმეორედ წარმოდგენის საკითხი შესაბამისმა პროგრამამ უნდა განიხილოს.  ინფორმაციას პროგრამებთან საკონსულტაციო შეხვედრასთან დაკავშირებით იხილავთ კონსულტაციის გვერდზე.

ატარებთ თუ არა კონსულტაციებს – როგორ და როდის?

საპროექტო განაცხადის შემოტანასთან დაკავშირებული კონსულტაცია პერიოდულად იგეგმება, ონლაინ, რეგისტრაციის საფუძველზე. ინფორმაცია უახლოესი კონსულტაციის შესახებ ამ გვერდზე გამოქვეყნდება.

აფინანსებთ თუ არა საზღვარგარეთ სწავლას?

ფონდი საზღვარგარეთ სწავლას არ აფინანსებს. საზღვარგარეთ განათლების შესაძლებლობებისა და დაფინანსების მოძიების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებგვერდს www.cie.ge.

რამდენად შესაძლებელია საზღვარგარეთ მგზავრობის დაფინანსება?

ფონდი სამგზავრო გრანტებს არ გასცემს. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფონდის მიერ დაფინანასებული პროექტი მონაწილეთა საერთაშორისო ვიზიტს ითვალისწინებს.

სად შეიძლება ფონდის მიერ გამოცემული წიგნების შეძენა და აქვს თუ არა ფონდს ბიბლიოთეკა?

ფონდის მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციები, ძირითადად, უფასოა. მათი უმეტესი ნაწილის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდის განყოფილებაში “პუბლიკაციები“. ის პუბლიკაციები, რომელთა ელექტრონული ვერსიები არ არსებობს, შეგიძლიათ, მოიძიოთ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში არსებულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ათასზე მეტი დასახელების  სხვადასხვა თემატიკის წიგნს მოიცავს. ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის გადამოწმება შესაძლებელია ელექტრონული კატალოგის მეშვეობით.

აფინანსებთ თუ არა ბიზნეს სტარტაპებს და ეკონომიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს?

ამჟამად ფონდი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს არ აფინანსებს.

საპროექტო განაცხადი

სრულად შეავსეთ ინფორმაცია, რომელსაც ფონდში წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს.

კონსულტაცია

სასურველია, ფონდში პროექტის შემოტანამდე კონსულტაცია გაიაროთ კონკრეტული პროგრამის წარმომადგენლებთან.

მხარდაჭერილი პროექტები

ფონდის დაფინანსებული პროექტების ბაზა.