გარემოს დაცვა: პრაქტიკული სამართლებრივი ტრენინგი ჩატარდა

25 სექ, 2023

„ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერითა და საინიციატივო ჯგუფის „ქალები ჯანსაღი გარემოსთვის“ ორგანიზებით, პრაქტიკული სამართლებრივი ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრამ აქტივისტური ჯგუფები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები და, ზოგადად, გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები გააერთიანა.

მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაცვის სამართლებრივი ჩარჩო საქართველოში, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, გარემოს დაცვის სფეროში ადვოკატირებისა და სამართალწარმოების ინსტრუმენტები, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობა (როგორც პარლამენტის, ისე მთავრობისა და ადგილობირივი თვითმმართველობის დონეზე), პლატფორმები სამართალწარმოებისთვის და ძირითადი პროცედურები, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება გარემოს დაცვის მიზნით.

ტრენინგს მოწვეული ტრენერი და იურისტი ეთო გვრიტიშვილი უძღვებოდა.

„ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, პროექტს “ქალები ჯანსაღი გარემოსთვის”  ახორციელებს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ელენე ცერცვაძეს, ანა ტრაპაიძეს და თინათინ მაღედანს – გარემოსდამცველ ქალებს თბილისიდან და რუსთავიდან. ეს ქალები გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის, საჯარო სივრცეების აღდგენა-შენარჩუნებისა და საჯარო სიკეთეებისთვის საკუთარ თემში იბრძვიან. ერთმანეთის გაძლიერების, საქმიანობის ეფექტიანობისა და მასშტაბების გაზრდის მიზნით, მათ ბრძოლების დაახლოება და ძალების გაერთიანება სურთ. ტრენინგის ერთ-ერთ მიზანი ამ პროცესში სხვა აქტივისტების/ჯგუფების ჩართვა და მათი გაძლიერებაა.