„ღირსეული შრომის პლატფორმის“ მიმართვა სამთავრობო ინსტიტუტებსა და მედიას

12 ივნ, 2023

მე-7 დღეა ჭიათურის ქუჩებში 3000-ზე მეტი მაღაროელი და მათი ოჯახის წევრები  უმძიმესი შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. მუშაობა შეჩერებულია მაღაროებში. საუბარია ისეთი ბაზისური შრომითი უფლებების დაცვაზე, როგორიცაა: ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით; შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა; აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა; სანგრების განიავება; საშხაპეების მოწყობა; ახალი, მეტად დატვირთული და ნაკლებად ანაზღაურებული  სამუშაო გრაფიკიდან ძველ განრიგზე დაბრუნება.

ცხადია, რომ  „ჯორჯიან მანგანეზის“ 17-წლიანი მმართველობის პერიოდში, შრომით დარღვევებს სისტემატური ხასიათი აქვს. მიუხედავად ჭიათურაში სხვადასხვა დროს მიმდინარე მწვავე გაფიცვებისა, ამ პროტესტის ფარგლებშიც უცვლელია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე, უსაფრთხო და სამართლიანი შრომის პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნა.

აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, 2017 წლიდან კომპანიას სახელმწიფოს სპეციალური მმართველი განაგებს, როგორც წლების განმავლობაში, კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული მასშტაბური ზიანის (416 მილიონი ლარის) აღმოსაფხვრელად, ისე  დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობის გამოსასწორებლად. მიუხედავად სახელმწიფო მმართველის უშუალო ჩართულობისა, ცხადია, რომ 2023 წლის 1 მაისიდან, ჭიათურაში სამუშაო პროცესი, კიდევ უფრო დამძიმებული შრომის პირობებით აღდგა.

ერთი კვირაა მაღაროელები ამაოდ ცდილობენ, მიიპყრონ სახელმწიფოსა და მეინსტრიმული მედიის ყურადღება. უშედეგო პროტესტის გამო, მაღაროელთა განცხადებით, ისინი გეგმავენ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას.

შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე მივმართავთ სახელმწიფო უწყებებს, მედიასა და სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ შემდეგი მიმართულებით:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს; მათ საჯარო სამართლის პირს, შრომის ინსპექციის სამსახურს:

დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია და დანიშნონ სამინისტროს მედიატორი, შრომის პირობებზე საქმიანი დიალოგისა და სამართლიანი მედიაციის პროცესის დაწყების მიზნით. ადგილზე შეისწავლონ დასაქმებულთა შრომის პირობები, მათ შორის უსაფრთხოების დაცვისა და აღჭურვილობის საშუალებების მდგომარეობა, კვებისა და სანიტარული კვანძების მდგომარეობა და გასცენ კომპანიაზე სავალდებულო მითითებები;

სახალხო დამცველს

პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ჩავიდეს ჭიათურაში და ადგილზე გაეცნოს მაღაროელების პრობლემებს; გამოსცეს წერილობითი და ზეპირი რეკომენდაციები შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიმართ, გააკეთოს  განცხადებები მაღაროელთა შრომითი უფლებების დასაცავად.

მედიას

აქტიურად გააშუქოს ჭიათურაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქცია. ხელი შეიწყოს საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებას და გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთას;

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
  2. „ღია საზოგადეობის ფონდი“
  3. „ერთობა 2013“
  4. „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“
  5. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია“
  6. „გილდია“
  7. „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“
  8. „სოლიდარობის ქსელი“