განცხადება ჯანდაცვის დაფინანსების რეგულირების შესახებ

2 დეკ, 2019

ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიციის ღია პოზიცია ჯანდაცვის რეფორმაზე, რომელიც ადგენს სამედიცინო მომსახურების ფასებს

კოალიციას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს როლი მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღებაში გადამწყვეტია. კოალიცია პრინციპულად ემხრობა სამედიცინო მომსახურების ფასების რეგულირებას, განსაკუთრებით, ისეთ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სექტორის აბსოლუტურ უმრავლესობას კერძო სერვისის მიმწოდებლები ქმნიან.

2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყების დღიდან, სამწუხაროდ, სახელმწიფომ წლების მანძილზე უფლება მისცა კერძო სექტორს, ესარგებლა სუსტად დარეგულირებული სისტემით და არამიზნობრივად გაეზარდა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები (ხშირად პაციენტებისთვის დაბალხარისხიანი და ზიანისმომტანი მომსახურების მიწოდებით) და მიეღო მაღალი მოგება მოსახლეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამის გამო მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლება ჯანმრთელობაზე გარკვეულწილად შეილახა დაურეგულირებელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

სახელმწიფოს მხრიდან ჰოსპიტალური დანახარჯების ოპტიმიზაციის დღევანდელი მცდელობის გარშემო კლინიკების და სამედიცინო ასოციაციების მიერ შექმნილი პროტესტი იწვევს საფუძლიან ეჭვს, რომ ემსახურება ბიზნეს ინტერესებს და არა პაციენტების უფლებების დაცვას. ფასი არ არის ხარისხის განმაპირობებელი ერთადერთი კრიტერიუმი და ოპტიმიზირებული ფასი ავტომატურად არ ნიშნავს ხარისხის გაუარესებას. თუმცა ვთვლით, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის პირველი ნაბიჯი საავადმყოფოების უტილიზაციის კონტროლი, შეიძლებოდა ყოფილიყო მიწოდებული მომსახურეობის საჭიროების და ხარსხის კონტროლის მექანიზმების გამოყენებით, რაც  უფრო მეტად იქნებოდა პაციენტის ჯანმრთელობისა დაუფლებების დაცვაზე ორიენტირებული.

ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტარიფების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალედ უნდა წარმართულიყო, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისა და საზოგადოების ფართო ჩართულობით და გამოთვლებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგიის გამჭვირვალობით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეგულირების შემოთავაზებული მოდელი სრულად ვერ პასუხობს ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს – უხარისხო და არასაჭირო მომსახურების მიწოდებას და შესაბამისად ბუნდოვანია სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვა და პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო კომპლექსური ნაბიჯები. სამედიცინო ხარჯების რეგულირება წარმოადგენს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ კომპონენტს და ვერ იქნება ეფექტიანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული მიდგომის გარეშე.

აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG)*  მეთოდის დანერგვის აუცილებლობას ჰოსპიტალურ სექტორში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამაზე არის საუბარი საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის და სისტემის განვითარების ხედვის დოკუმენტში 2030 წლისთვის. ვიტოვებთ იმედს, რომ ამ მიმართულებითაც გააქტიურდებიან შესაბამისი პასუხსმგებელი ორგანოები და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას გააცნობენ საზოგადოებას.

ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამოვეხმაუროთ სამედიცინო მიმწოდებლების მხრიდან გაჟღერებულ რისკებს, რომ ფასების რეგულაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მიწოდებული მომსახურების ხარისხზე და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და/ან ფინანსურ დაცულობაზე.; რაც, სავარაუდოდ, დაარღვევს ჯანდაცვის სფეროს და სამედიცინო მომსახურების ფუნდამენტურ ამოცანებს – დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობა ისე, რომ უზრუნველყოს ადამიანის ფინანსური დაცულობა.

ვთვლით, რომ ზემოაღნიშული რისკების თავიდან აცილება სახელმწიფოს  ვალდებულებაა და ასევე სამედიცინო ბიზნესის პროფესიული და მორალური პასუხიმგებლობა.

პროცესების მართვის ეფექტურობისა და მოსახლეობისთვის მაქსიმალური სიკეთის მიღების მიზნით, მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და სერვისის მიმწოდებლებთან ერთად, პროცესში საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების – პაციენტების და მოქალაქეების აქტიური ჩართულობა. ჯანდაცვისადვოკატირების კოალიცია მზაობას გამოხატავს, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში და შეიტანოსწვლილი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია არის, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, განსხვავებული ფოკუსის და გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, უნივერსიტეტების, ექსპერტებისა და აქტივისტების არაფორმალური გაერთიანება.  კოალიციის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემის და პოლიტიკის განვითარების გზით.

ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია
  • აკესო (ACESO)
  • ახალი ვექტორი (New Vector)
  • რეალური ხალხი რეალური ხედვა (Real People Real Vision)
  • გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში თბილისი (GIP – Tbilisi)
  • ველფეარ ფაუნდეიშენი საქართველო (Welfare Foundation Georgia)
  • თანადგომა (Tanadgoma)
  • თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (TSMU)
  • თეთრი ხმაური (White Noise)
  • თინათინ ტურძილაძე – ფარმაცევტული სფეროს ექსპერტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • მსოფლიოს ექიმები – საქართველო (MDM)
  • პირველი არხი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  • ჟურნალი „ლიბერალი“
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)
  • საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საქართველოს ზიანის შემცირების ქსელი (Georgia Harm Reduction Network)
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) – Georgia Red Cross Society (GRCS)
  • საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი (GHPEF)
  • სოლიდარობის ქსელი (Solidarity Network)
  • სტუდია „მონიტორი“
  • ქალები თავისუფლებისათვის (Women for Freedom)