“კოალიცია თანასწორობისთვის” თათია ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად

02.05.2019

წყარო: კოალიცია თანასწორობისთვის

„კოალიცია თანასწორობისთვის“, რომელიც 10 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანებაა მხარს უჭერს ძალოსან თათია ლორთქიფანიძეს. სპორტსმენი ძალოსან ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს სექსუალური შევიწროების გამო, ხოლო ძალოსანთა ფედერაციას დისკრიმინაციაზე უჩივის სასამართლოში. მის ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია „საფარი“ დაიცავს.

დღეს, 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე თათია ლორთქიფანიძემ და „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ სარჩელის შესახებ ისაუბრეს. საქმეში 2 მოპასუხეა – ძალოსან ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა, რომელსაც თათია სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს და ძალოსანთა ფედერაცია, რომელმაც დისკრიმინაციული ქმედება ჩაიდინა და სპორტსმენი ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნა. თათია, იურისტებთან ერთად, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

„იმიტომ ამოვიღე ხმა, რომ მე ვალდებული ვიყავი ჩემი თავი დამეცვა, მიმემართა ადვოკატისთვის, რომ გამართულიყო სასამართლო და ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. ეს ჩემპიონატი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კარიერული წინსვლისთვის და დიდი პერსპექრტივა იქნებოდა. მე სასამართლოში მოვითხოვ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას“,-განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.

დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების შესახებ სპორტსმენმა საჯაროდ 9 აპრილს ისაუბრა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ფედერაციამ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება არ მისცა. მან ეს ფაქტი მთავარი მწვრთნელის პირად ანგარიშსწორებად შეაფასა და განაცხადა, რომ ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებდა. მისი თქმით, ფედერაციას არ სურდა, რომ თათიას ამ თემაზე ესაუბრა.

ბაია პატარაია თვლის, რომ სექსუალური შევიწროების ინცინდენტი და სპორტსმენის ჩემპიონატიდან მოხსნა ერთმანეთს უკავშირდება. „დღემდე არ მიგვიღია პასუხი რა შეიძლებოდა ყოფილიყო თათიას ჩემპიონატიდან მოხსნის რეალური მიზეზი. ამ ერთი თვის განმავლობაში ფედერაციას არ უსაუბრია მედიასთან ამ საკითხზე, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს ეჭვს, რომ ეს ორი ინცინდენტი ერთმანეთთან კავშირშია“,-განმარტავს ბაია პატარაია.

სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ქალები ხშირად განიცდიან, მაგრამ სასამართლოს ძალიან იშვიათად მიმართავენ. მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა დაიცვან საკუთარი უფლებები და გამოიყენონ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ 10 არასამთავრობო ორგანიზაციის არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის შექმნის პროცესში ჩამოყალიბდა. მას მერე, გაერთიანება კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებისთვის მუშაობს. 2 მაისი სიმბოლური თარიღია, დღეს კანონის მიღებიდან 5 წელი გავიდა. ანტიდისკრიმინაციული კანონი ის სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც სექსუალურ შევიწროებას დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად აღიარებს და რომელიც თათია ლორთქიფანიძეს საკუთარი უფლების დაცვაში დაეხმარება.

კოალიცია თანასწორობისთვის წევრები არიან:

სიახლეები

მულტიმედია