კონფერენცია “უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“

30.05.2022

30 მაისს, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა და დემოკრატიის ინდექსმა-საქართველოსმ კონფერენცია “უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ გამართეს, სადაც ევროკავშირის ელჩი და საქართველოს პრეზიდენტი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანია, ევროკავშირში კითხვარის გაკეთების პარალელურად დიალოგის მხარდაჭერა და დისკუსიის წახალისება.

ჩვენი მიზანია, და საქართველოს მიერ ევროკავშირის კითხვარის შევსების პარალელურად, მხარი დავუჭიროთ დიალოგს და წავახალისოთ დისკუსია. ჩვენ გთავაზობთ, ერთად ვიმსჯელოთ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, გავაანალიზოთ მისი გავლენა საქართველოზე და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. წამოჭრილი საკითხების ფართო საჯარო განხილვა მოგვცემს შესაძლებლობას, განვსაზღვროთ საქართველოს მომავალი. ჩვენ გვსურს, ერთად შევკრიბოთ ყველა დაინტერესებული მხარე: მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოება და ერთი ქოლგის ქვეშ გავაერთიანოთ უკვე არსებული სხვადასხვა სადისკუსიო ფორმატები.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ რუსული აგრესია უკრაინაში პრინციპულად აშორებს ჩვენს პოლიტიკურ ელიტებს. გარკვეული დაჯგუფებები მასიურად ეწევიან რუსულ პროპაგანდას, რაც საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ განსაკუთრებით, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გაერთიანება. ვლადიმერ პუტინის წარმოუდგენელი ბოროტება უკრაინაში საქართველოზეც ზემოქმედებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენ გვჯერა, რომ ახლა ის დროა, როდესაც ყველაზე ლეგიტიმური შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებიც კი უნდა შეწყდეს და პრიორიტეტად იქცეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა მსოფლიოში თითქმის მთელი ცივილიზებული სამყარო გააერთიანა და გახსნა კარი უსაფრთხოების სრულიად ახალი სისტემებისთვის, რაც ინტეგრაციისა და თანამშრომლობის სულ სხვა ხედვას და შესაძლებლობებს გულისხმობს. მოცემულობაა, რომ საქართველო, რომელიც თავის მხრივ არის რუსული აგრესიის მსხვერპლი, ამ ახალი რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის ცენტრშია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის კითხვარის მიღება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ის ამ შეცვლილი დინამიკის მხოლოდ ერთი მტკიცებულებაა. დისკუსიის მეშვეობით, გთავაზობთ, აღმოვაჩინოთ, გავაანალიზოთ და ვიმსჯელოთ ევროპასთან ინტეგრაციის მთავარ არსზე ფორმალური პროცედურების მიღმა. საჭიროა მტკიცედ შევთანხმდეთ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომელსაც თანამედროვე, ევროპული საქართველო უნდა ეფუძნებოდეს. ანალოგიურად, 104 წლის წინ, როდესაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა გააოცეს მსოფლიო ლიბერალური დემოკრატიის მიმართ მათი სიმამაცითა და ერთგულებით, დღევანდელ ქართულ ელიტებს სჭირდებათ თავისუფლების პრინციპების, დემოკრატიის, სამართლიანობის, სოლიდარობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების გაძლიერება და ერთგულება.

კითხვარის შევსებისა და მისი ბრიუსელში გაგზავნის შემდეგ, საჭიროა დაისვას კითხვა, თუ რატომ მივისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ და როგორ უნდა შევცვალოთ ის განსხვავებები, რომლებიც არსებობს ფურცელზე აღწერილ საქართველოსა და რეალურს შორის.

ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდი

“ივნისის თვე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩვენი რეგიონისთვის, რადგანაც, ჩვენ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ველოდებით ევროკავშირისა და ნატოს ქმედით ნაბიჯებს.

ბუნებრივია, რომ საქართველოს დადებითი მოლოდინი აქვს ევროკომისიის და ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიმართ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. სწორედ ჩვენ ვიყავით ის აქტორი ვინც ითხოვდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონსტიტუციაში შეტანას, წინმსწრებად შეაფასა საქართველო ევროკავშირის კითხვარის გამოყენებით, ხელისუფლებას მოუწოდა გაეკეთებინა გაწევრიანების განაცხადი, ხელისუფლებას წარუდგინა 10 ნაბიჯი ევროპისკენ, გამოთქმა მზადყოფნა ჩართულიყო კითხვარის მომზადების პროცესში.

ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გავაკეთოთ, თუმცა, რაც არ უნდა იყოს პასუხი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა გადაწყვეტილება და პირობა ქვეყნის დემოკრატიზაციას და ამ გზით, ევროპასთან დაახლოებას მოიაზრებს. ეს კი, თავის მხრივ მოიცავს ყველა კომპონენტს, რაც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და სამართლიან გარემოში ცხოვრებისთვის არის საჭირო. ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებამ უამრავი შეცდომა დაუშვა, რაც უკავშირდებოდა სასამართლო რეფორმის ჩავარდნას, სატელეფონო მოსმენებს, სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის დაშლას, 5 ივლისის დამკვეთების დაუსჯელობას და ა.შ.”

სიახლეები

მულტიმედია