მეზღვაურობაზე ოცნებიდან სტუმართ-მასპინძლობის საქმიანობამდე - ეტლით მოსარგებლე ლაშას ცხოვრება ტრავმის შემდე

14 აგვ, 2023

მეზღვაურობაზე მეოცნებე ლაშა 17 წლის იყო, როცა ტრავმის შედეგად ეტლით მოსარგებლე გახდა. რამდენიმეწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა, LINKS პროექტის კურსები და სტაჟირების პროგრამაც გაიარა და დღეს ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“ სტუმრების მიღება-განთავსების დეპარტამენტში მუშაობს.

ლაშა ლომინაძე ქედაში დაიბადა. სკოლის დამთავრებამდე 2 წლით ადრე მიღებული ტრავმის სამკურნალოდ პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. აჭარაში დაბრუნებიდან მალევე, გამოცდები ჩააბარა და სკოლის ატესტატიც აიღო. უნივერსიტეტში სწავლა ვერ მოახერხა, თუმცა უმოქმედოდ ყოფნას ვერაფრით შეეგუებოდა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების ძიება დაიწყო. ამასთან, ადამიანებთან კომუნიკაციის მოყვარული ახალგაზრდა სტუმართ-მასპინძლობის საქმიანობაში ჩართვასა და ქედაში საკუთარი კოტეჯების მოწყობაზეც ფიქრობდა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მხარდაჭერით, ლაშა LINKS პროექტის მეწარმეობისა და კომპიუტერული პროგრამების კურსებს დაესწრო. LINKS პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, „ღია საზოგადოების ფონდისა“ და საქართველოს გაეროს ასოციაციის“ მიერ ხორციელდება.  კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა მას ანაზღაურებადი სტაჟირება სასურველი მიმართულებით შესთავაზეს. კომუნიკაციის მოყვარული ლაშა „ჰილტონში“ ფრონტ ოფის აგენტად დასაქმდა. უფრო მეტიც, სტაჟირების ვადის გავლის შემდეგ, სასტუმრომ კონტრაქტის გაგრძელება და ხანგრძლივი თანამშრომლობა შესთავაზა. დღეს იგი სტუმრებთან კარგი ურთიერთობის გამოცდილების შექმნაზე და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა პასუხისმგებელი.

ეს საქმიანობა ლაშას საზოგადოებაში ინტეგრაციაში ეხმარება. ამასთან, სტუმრებთან ურთიერთობა და მათი სურვილების ამოცნობა მას სამომავლოდ საკუთარი სტუმართ-მასპინძლობის საქმიანობის გამართვაშიც შეუწყობს ხელს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. როცა ადამიანს გაქვს სურვილი, რომ მაქსიმალურად დაიხარჯო, ეს პატარა გამოცდილებები განვითარების კარგი შესაძლებლობაა. ამასთან, როცა თანამშრომლობის გაგრძელებას გთავაზობენ, ხვდები, რომ ღირსეული ხარ და რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ კომპანიისთვის, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა“, აღნიშნავს ლაშა.