მომსახურების სფეროს განგრძობითი შრომითი დარღვევები პრევენციული ინსპექტირებების სისუსტის შედეგია

7 ივნ, 2023

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ ეხმაურება ბათუმში რესტორან „რეტროში“ მომხდარ ინციდენტს და მიიჩნევს, რომ შრომითი უფლებების დარღვევა ძალადობრივ ხასიათს, ძირითადად პრევენციული ინსპექტირებების ნაკლებობის გამო იძენს.

რესტორნის დასაქმებულის მხრიდან მისი შრომის პირობების გამო, უკმაყოფილების გამოხატვას, დამსაქმებლის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა.  პოლიციამ დამსაქმებელი 5 ივნისს დააკავა, ხოლო სასამართლომ ის გირაოს მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, გუშინ გაათავისუფლა. მომხდარის შემდეგ „რეტროს“ 15-მა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა.  ერთი დასაქმებულის მიერ შვებულების უფლების გამოყენებისას, სხვა დასაქმებულის შრომის გაორმაგება იმავე ანაზღაურების სანაცვლოდ, დაბალი ანაზღაურება, გამოსაცდელი ვადის გახანგრძლივება, ასევე, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა, ამ რესტორნის დასაქმებულთა თქმით, მათი ყოველდღიური სამუშაო პროცესი გახლდათ. მათივე განცხადებით, სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც დამსაქმებელმა სამუშაო ადგილას რუსი ეროვნების ადამიანები, გაცილებით უკეთეს პირობებში, ნაკლები სამუშაო მოცულობის შესასრულებლად დაასაქმა.  

მომხდარის შემდგომ, შრომის ინსპექციამ რესტორნის დასაქმებულთა შრომის პირობებისა და ფაქტის შესწავლა დაიწყო. შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რომელთა აღსაკვეთად, რესტორანს ჯარიმა დაეკისრა და მუშაობის უფლება დროებით შეუჩერდა. 

მომსახურების სფერო, ტრადიციულად ხასიათდება შრომის უფლებების უმწვავესი და განგრძობითი დარღვევებით. მოპარული ხელფასის გამომთვლელის მონაცემები აჩვენებს, რომ გამოკითხული სერვისის სფეროს დასაქმებულთა 91%-ზე მეტი აფიქსირებს დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის მოპარვის რომელიმე ფორმას, 74%-ზე მეტი აფიქსირებს აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ შრომას, 59%-ზე მეტი შვებულების გამოყენების შეუძლებლობას. შრომის პირობების სიმწვავე მომსახურების სფეროში, წლებია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფების შესფოთებას იწვევს

იმისათვის, რომ სერვისის სფეროში დაფიქსირებულმა განგრძობითმა დარღვევებმა ძალადობრივი ხასიათი არ შეიძინოს, შრომის ინსპექციის მონიტორინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილის- პრევენციული ინსპექტირებების დროული და ხარისხიანი განხორციელებაა გადამწყვეტი; კრიტიკული დარღვევების დროულად და პრევენციულად აღმოჩენის ჩავარდნის გამო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიტუაციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. ანალოგიური პროცესი დასაქმების არა ერთ ადგილზეა გამოსავლენი.

 

ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, “ღირსეული შრომის პლატფორმა“ მოუწოდებს:

 

შრომის ინსპექციას:

არ დაუშვას რესტორან “რეტროში” შრომის პროცესის აღდგენა, დარღვევების სრულ გამოსწორებამდე; ამის შემდგომაც, განაგრძოს დასაქმების ადგილის მონიტორინგი; 

შეიმუშაოს სერვისის სექტორის დროული, სრულყოფილი და ეფექტური პრევენციული შემოწმებების სისტემა.

პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

უზრუნველყონ ჩადენილი დანაშაულის  სწრაფი და ეფექტური გამოძიება გარემოების გათვალისწინებით, შესაბამისი პასუხისმგებლობების დაკისრების უზრუნველსაყოფად. 

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  2. ღია საზოგადოების ფონდი