მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება თეორიულ და შედარებით პერსპექტივაში

20.02.2022

ნაშრომი მომზადებულია საქართველოს უნივერსიტეტთან არსებულ დამოუკიდებელ კვლევით ინსტიტუტ Gnomon Wise- ში, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ დაკვეთით.

კვლევის აკადემიური ხელმძღვანელი: დავით ზედელაშვილი, Gnomon Wise -ის მკვლევარი.
ნაშრომის ავტორები: დავით ზედელაშვილი – ნაწილები I და III,
თამარ ქეცბაია, Gnomon Wise- ის მკვლევარი – ნაწილები II და III
კვლევითი ასისტენტი – გიორგი ლელუაშვილი.
რედაქტორი: სოფიო ასათიანი; გიორგი ჩიტიძე
კორექტურა: დავით პაიჭაძე

ნაშრომის მიმოხილვა
კონსტიტუციურ დემოკრატიაზე გარდამავალ პოლიტიკურ რეჟიმებს ხშირად აქვთ სასამართლო შტოს დელეგიტიმაციისა და დისფუნქციის პრობლემა. მათთვის სასამართლოს ინსტიტუციური რეკონსტრუქცია არის არა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების მთავარი ამოცანა, არამედ ტრანზიციის წარმატებით დასრულებისა და კონსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობაც. ამ მხრივ, ჩავარდნილი ტრანზიცია დელეგიტიმირებული და დისფუნქციური სასამართლო შტოს თანმდევი შედეგია. ბოლო წლებში საქართველოს საჯარო- პოლიტიკურ სფეროში მკვიდრდება კონსენსუსი საქართველოს სასამართლო შტოს ფუნდამენტური დელეგიტიმაციის შესახებ, რაც არსებითად აფერხებს საქართველოს კონსტიტუციურ დემოკრატიად კონსოლიდაციას. როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში, ისე მის საერთაშორისო პარტნიორებში, იზრდება იმედგაცრუება გარდამავალი პერიოდის ოცდაათ წელში ჩავარდნილი სასამართლოს ინსტიტუციური რეფორმების მიმართ.

წარუმატებელი ინსტიტუციური რეფორმების საპირწონედ ასევე განიხილება პერსონალის რადიკალური რეფორმა, რომელიც საქართველოს სასამართლო შტოს შემთხვევაში აქამდე არ განხორციელებულა. თავის მხრივ, პერსონალის რეფორმა ინსტიტუციურ რეფორმასთან კომბინაციაში სასამართლო შტოს ინსტიტუციური რეკონსტრუქციის ეფექტური მექანიზმია. პრაქტიკაში მოძიებადია ასევე წარმატებული ინსტიტუციური რეკონსტრუქციის მაგალითებიც, რომლებმაც განაპირობეს კონსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაცია.

წინამდებარე ნაშრომის მიზნებია გამოიკვლიოს სასამართლო შტოში პერსონალის რეფორმის საკითხი თეორიულ და შედარებით პერსპექტივებში, კერძოდ შეისწავლოს მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების მექანიზმი და მისი პოტენციალი სასამართლო შტოს ყოვლისმომცველი ინსტიტუციური რეკონსტრუქციის განხორციელებაში. საბოლოოდ, ნაშრომის მიზანია, მისი ანალიტიკური მიგნებები საფუძვლად დაუდოს ზოგად და კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოს სასამართლო შტოს რეკონსტრუქციის პროცესში გამოსაყენებელი პერსონალის რეფორმის ღონისძიებების შესახებ.

ნაშრომის პირველი ნაწილი თეორიული და შედარებითი ანალიზისგან შედგება. მასში განხილულია თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების ცნება, სახეები, მიზნები, კონტექსტები. პერსონალის რეფორმის ეს მექანიზმი გაანალიზებულია როგორც გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების ერთ – ერთი ინსტრუმენტი და მისი გამოყენება შეფასებულია კონსტიტუციურ დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდის ნორმატიული და პრაქტიკული პრობლემატიკის პრიზმაში.

თეორიული და შედარებითი მიმოხილვის შედეგად, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის მიხედვითაც, ნაშრომი გამოყოფს მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების ძირითად ნორმატიულ პრობლემებს და მათი გადაჭრის ინსტიტუციურ და სამართლებრივ გზებს. შედარებითი ანალიზისას გამოიკვეთება ალბანეთში მიმდინარე მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის პროცესი და იქ გამოყენებული შესაბამისობის შემოწმების ინსტიტუციური მოდელი.

აღნიშნული მოდელი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მის ძირითად ინსტიტუტებსა და ნორმებს გავლილი აქვს ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციურ სტანდარტებთან შესაბამისობის ტესტი, როგორც ვენეციის კომისიის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემოწმების ფარგლებში.

ნაშრომის მეორე ნაწილი ეძღვნება ალბანეთში მოსამართლეთა შესაბამისობის შემოწმების პროცესის, მისი ნორმატიული და ინსტიტუციური ჩარჩოს სიღრმისეულ და კონტექსტუალურ ანალიზს. მასში დაწვრილებითაა განხილული შესაბამისობის შემოწმების მექანიზმის ყველა კრიტიკული ინსტიტუციური და ნორმატიული ელემენტი და ხაზასმულია ყველა მნიშვნელოვანი კონტექსტუალური ფაქტორი.

ნაშრომის მესამე ნაწილში, გაანალიზებულია საქართველოს სასამართლო შტოს ინსტიტუციური დისფუნქციის გამომწვევი მიზეზები, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების სასამართლო სისტემების შედარებით კონტექსტში. ამ ნაწილში ასევე განხილულია საქართველოს სასამართლო შტოს რეკონსტრუქციის ძირითადი მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელი ჰოლისტური ინსტიტუციური და პერსონალის რეფორმის გეგმა. პერსონალის რეფორმის მიმართულებით, მესამე ნაწილში წარმოდგენილია დაწვრილებითი რეკომენდაციები იმაზე თუ რა მიზნებს უნდა ისახავდეს და რა ნორმატიულ და ინსტიტუციურ ჩარჩოში უნდა განხორციელდეს მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება საქართველოში, სასამართლო სისტემის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.