ჭიათურაში მე-4 დღეა მაღაროელები საპროტესტი აქციას მართავენ

10 ივნ, 2023

ჭიათურაში მე-4 დღეა მაღაროელები საპროტესტი აქციას მართავენ. ჭიათურის ქუჩებში 3000-ზე მეტი მაღაროელი და მათი ოჯახის წევრები მსვლელობებს აწყობენ. მაღაროებში სამუშაო პროცესი შეჩერებულია. საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი დამსაქმებლის მიერ გატარებული ღონისძიებებია, რამაც მაღაროელების შრომით პირობები კიდევ უფრო დაამძიმა – სამუშაოს მოცულობა გაიზარდა, ანაზღაურება კი იგივე დარჩა.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია:

ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით; ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, შრომის უსაფრთხოების დაცვა; აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება; სადაზღვევო კომპანიის შეცვლა; საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა; ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება „ღირსეული შრომის პლატფორმა“ მხარდაჭერასა უცხადებს მაღაროელებს სამართლიან მოთხოვნებს.

ჭიათურასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჯორჯიან მანგანეზის“ ჩვიდმეტ წლიანი საქმიანობის შედეგად, ჰაერის, ნიადაგის და მდინარის დაბინძურება მანგანუმით და სხვა მძიმე ნივთიერებებით, ასჯერ და მეტჯერ აღემატება დაშვებულ ნორმებს, მიწის ჩაშლას და მეწყერს, სოფელი სოფელზე ეწირება.

2017 წლიდან კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული მასშტაბური ზიანის (416 მილიონი ლარის) გამოსასწორებლად, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად, სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენელია. ამ მიზეზით, უკვე წლებია, „ჯორჯიან მანგანეზში“ შესამოწმებლად, არც გარემოსდაცვით ინსპექციები შესულან, არც შრომის ინსპექცია. კომპანიას, თითქმის ნახევარ მილიარდიანი ჯარიმა ჩამოეწერა. 2023 წლის 1 მაისიდან, ჭიათურაში სამუშაო პროცესი აღდგა, კიდევ უფრო დამძიმებული შრომის პირობებით.