მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2021 წლის შეფასება

15 დეკ, 2021

15 დეკემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების შედეგები და ძირითადი მიგნებები გამოქვეყნდა.  შეხვედრაზე, რომელიც  2017-2021 წლებში მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ღიაობის ტენდენციებსაც მოიცავს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

2021 წლის ეროვნული შეფასების შედეგების მიხედვით, შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი 28%-ია, რაც უთანაბრდება 2019 წლის შეფასების მაჩვენებელს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

2021 წლის შეფასების შედეგებით, პირველი ბლოკის მაჩვენებელი – საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება – 2019 წლის შედეგებთან მიმართებით, 2%-ით გაუმჯობესდა (25%-დან 27%-მდე), მაჩვენებელი იგივე დარჩა მეორე ბლოკში – ელექტრონული მმართველობა (32%), ხოლო მესამე ბლოკის – მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება – მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 6%-ით შემცირდა (29%-დან 23%-მდე).

შეფასების მექანიზმი “ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი” კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი.