ნარკოპოლიტიკა სისტემურ რეფორმას საჭიროებს

15 ნოე, 2023

საქართველოში ნარკოპოლიტიკა კვლავ რეპრესიული ხასიათისაა და ის წამალდამოკიდებული ადამიანების დასჯისა და საპოლიციო კონტროლის ლოგიკაზე დგას. ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიწყოს მოქმედი ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური და რეალური რეფორმა.

13 ნოემბერს, მედიაში  გავრცელდა ინფორმაცია,  რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში კიდევ ერთი ახალგაზრდისთვის მოსალოდნელი მძიმე სასჯელის შესახებ. მოქალაქე ზურა ნიჟარაძეს, რომელიც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შენახვის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა  ნიჟარაძეს 1.4000628 გრამი MDMA-ის (განსაკუთრებით დიდი ოდენობა), 0.000105 გრამი ლიზერგინის მჟავის (LSD) (საწყისი ოდენობა) და 4.76616 გრამი კეტამინის (დიდი ოდენობა) ფლობას ედავება, გასაღების მიზნის გარეშე.[1] თუ პროკურატურამ ნიჟარაძესთან საპროცესო შეთანხმება არ გააფორმა, ბრალდებულს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველოში ნარკოტიკულ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება არსებითად დასჯაზე და რეპრესიაზეა ორიენტირებული. ხშირად, მძიმე სასჯელების სუბიექტები ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები ხდებიან, რომლებიც ნივთიერებას პირადი მოხმარების მიზნით ფლობდნენ. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა თითქმის 24 % სასჯელს სწორედ ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის,[2] რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში ნარკოტიკულ ნივთიერებებებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის არსებითი ცვლილების აუცილებლობას.

ნარკოტიკული დანაშაულებისთვის გათვალისწინებულ მაღალ სასჯელებს ხშირად სახელმწიფოს წარმომადგენლები ქმედების მაღალი საზოგადოებრივი საფრთხით ხსნიან. თუმცა, ნარკოტიკულ საშუალებებთან ასოცირებული გამოწვევები მხოლოდ სისხლის სამართლის რეგულირების სფეროს არ უნდა წარმოადგენდეს და განხილულ უნდა იქნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭრილში. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან (და პირადი მოხმარების მიზნით ფლობასთან) გასამკლავებლად საჭირო მხარდაჭერის სერვისების შექმნასა და დახვეწაზე და ამ პროცესში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებაზე.

მოვუწოდებთ პროკურატურას, მხედველობაში მიიღოს ბრალდებულის პიროვნება, საქმის გარემოებები და სამართლიანი პირობებით გააფორმოს ზურა ნიჟარაძესთან საპროცესო შეთანხმება. ამავდროულად, აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის რამდენიმე მწვავე პრობლემას:

  1. მკაცრი სასჯელები – გასაღების მიზნის არარსებობის პირობებში, მაღალია თავისუფლების აღკვეთის ქვედა ზღვარიც კი, რაც ცხადყოფს, რომ ნარკოპოლიტიკა კვლავ დასჯაზეა ორიენტირებული.

ზოგ შემთხვევაში ნარკოტიკის პირადი მხოხმარების მიზნით შენახვა შეიძლება უფრო ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს, ვიდრე ისეთი ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა (10-დან 15 წლამდე) ან გაუპატიურება (6-დან 8 წლამდე).

  1. უსამართლო ოდენობები – საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები უსამართლოდაა გაწერილი. დაბალია როგორც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის საწყისი, ისე  დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვარი. ამგვარი განაწილება ობიექტურად მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შენახვასაც სისხლის სამართლის ჩარჩოებში აქცევს, რაც პირად ცხოვრებაში ხისტ ინტერვენციასა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შელახვას იწვევს.

2016 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია 10 სახის ნარკოტიკული ნივთიერებისთვის განსაზღვრული ოდენობები, რაც განაპირობებს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისათვის გამოსაყენებელი სასჯელის სახესა და ზომას.[3] სარჩელით სადავოდ არის გამხდარი მათ შორის ნიჟარაძისთვის აღმოჩენილი  ლიზერგინის მჟავის (LSD) ოდენობაც. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის რეგისტრაციიდან 7 წლის შემდეგ საქმეზე არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. სასამართლოს ოპტიმალურ ვადაში რომ განეხილა საქმე, დღეს არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების პრობლემა ნაწილობრივ მაინც იქნებოდა აღმოფხვრილი.

  1. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ტენდენცია – პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც განაჩენის გამოტანამდე არსებობს მართლმსაჯულების შეუფერხებელი და ჯეროვანი განხორციელების, საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვის ობიექტური საჭიროება. ნარკოტიკული საშუალების ოდენობა და დანაშაულის სიმძიმე ავტომატურად არ ქმნის პატიმრობის გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს.

ნარკოპოლიტიკის სისტემური გარდაქმის პროცესში, კანონმდებლობის არსებით ცვლილებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ჯანდაცვისა და ბიო-ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სერვისების განვითარება, ასევე, სკოლასა და თემზე დაფუძნებული პრევენციის პროგრამების სისტემური დანერგვა. აღნიშნულმა ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს ქვეყანაში ნარკოვითარების შეცვლასა და ნივთიერებების ავადმოხმარებასთან გამოწვეული პრობლემების თანმიმდევრულ გადაწყვეტაში.

საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ნარკოტიკებთან “ომის” მიდგომა უშედეგოა და იგი არ იწვევს ქვეყნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებლების კლებას. პირიქით, ამწვავებს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, ამყარებს სტიგმასა და იწვევს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა განსაკუთრებულ გარიყვას. ქვეყანაში მოქმედი მკაცრი კანონმდებლობა, ნაცვლად ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლის რესოციალიზაციისა, ხშირად, საზოგადოებაში კარგად სოციალიზებული, დასაქმებული და აქტიური მოქალაქის საზოგადოებისგან მოწყვეტასა და გარიყვას იწვევს, რაც მხოლოდ ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ზიანს წარმოშობს, ვიდრე რაიმე სახის სარგებელს.

ნარკოვითარების გაუმჯობესებისა და ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის კუთხით, მნიშვნელოვანია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:[4]

აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უზრუნველყოს ნარკოტიკული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელებისა და უფლებების შემზღუდველი დამატებითი მექანიზმების გადახედვა და შემსუბუქება;

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, სისხლის სამართლის კოდექსში განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები;

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპტიმალურ ვადაში განიხილოს ნარკოტიკულ დანაშაულებთან და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელები და წარდგინებები.

საერთო სასამართლოებმა უსამართლო და არაპროპორციული სასჯელის დანიშვნის ნაცვლად გამოიყენონ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის მექანიზმი.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  2. დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი ალტერნატივა ჯორჯია
  3. სათემო ალიანსი მანდალა
  4. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
  5. საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი
  6. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  7. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება

 

[1] პუბლიკა – „ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება“. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/XwYT4BRv.
[2] Council of Europe, Annual Penal statistics, 2023, p. 50. Available at: https://cutt.ly/ewYO27kd.
[3] საქართველოს მოქალაქეები – გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. კონსტიტუციური სარჩელი N733 (07.03.2016). ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/dwYO2vBR.
[4] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თამარ ფაჩულია, „ნარკოპოლიტიკა საქართველოში – 2022 წლის ტენდენციები“, 2023. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/nwYODYUq.