წყარო – www.Activities.ge, 2016-01-13
ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ” პანკისის ხეობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის და ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მხარი დაუჭირა „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” პროექტს, რომლის ფარგლებშიც პანკისის ხეობაში სათემო რადიო შეიქმნება.
WAY – სათემო რადიოსთვის ამ სახელის დარქმევა პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივაა. WAY ინგლისურად გზას ნიშნავს, ჩეჩნურად – ჩვენი.
პროექტი ითვალისწინებს რადიოს ამუშავებას (ინტერნეტმაუწყებლობა), სათემო აქტივისტების მოზიდვას, ღია დიალოგისა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში მომზადდება საინფორმაციო გადაცემები ქართულ და ჩეჩნურ ენებზე. რადიოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ პრობლემების გაშუქებას, რომელიც პანკისის ხეობის მოსახლეობას აწუხებს, რაც თემისთვის პრიორიტეტულია. მოხდება ფაქტებისა და მოვლენების ბალანსირებული გაშუქება; რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების ასახვა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი კონტექსტით.
ეთერში გავა ყველა სახის მუსიკა, ადგილობრივიც და უცხოურიც, თანამედროვეც და კლასიკაც. ეთერში გავა ფოლკლორული მუსიკის ნიმუშებიც, მათ შორის ადგილობრივი მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით, რომელთაც ჩაწერს რადიო WAY.
2015 წლის 7 დეკემბერს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა” რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. 15 იანვარს გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა სათემო რადიო ლიცენზიას. ლიცენზიის მიღების შემთხვევაში რადიო WAY პანკისის ხეობის 12 სოფელში, ქორეთიდან ხადორის ჩათვლით იმაუწყებლებს სიხშირეზე FM 101.1
პანკისის ხეობა ძირითადად ეთნიკური ქისტებით არის დასახლებული. 2014 წლის მონაცემებით, ხეობის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 10 ათასზე მეტია. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი 2015 წლის სექტემბრიდან აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, „პანკისის ხეობაში ახალგაზრდების ჩართულობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტს” ახორციელებს. სათემო რადიოს შექმნის იდეა პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრების და პრობლემების ანალიზის შედეგად გაჩნდა.