რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული კონტროლის ხელშეწყობის მიზნით

27.03.2018

წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2017 წლის იანვრიდან ნოემბრამდე.
ავტორი: ანა ნაცვლიშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სახელით. რეცენზენტი: პროფ. ტობიას შუმახერი. თარგმანი: ანა გეგეჭკორი.

საქართველოს ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების, მათ შორის წამების გამო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დაუსჯელობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ საქართველოს ციხეებში დამკვიდრებული წამების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გაჟონვამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ოპოზიციის გამარჯვებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ ფონზე გასაკვირი არცაა, რომ ახალ მთავრობას დაბეჯითებით ურჩევდნენ წამებისა და მსგავსი დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნას.

2014 წლის ივნისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, მის თანმხლებ 2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს იმის საჭიროებაზე, რომ საქართველომ გაზარდოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული კონტროლი. აღნიშნული დოკუმენტი ხაზს უსვამს პოლიციისა და პროკურორების წინააღმდეგ საჩივრებზე „სათანადო რეაგირების პროფესიული, ეფექტიანი მექანიზმის“ უზრუნველყოფის მნიშვნელობას; ამ მიზნით ასოცირების დღის წესრიგში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ უნდა განიხილოს „საჩივრებზე რეაგირების სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ქმედითი მექანიზმის შექმნა, მსგავსი შემთხვევების გამოძიების მიზნით“.

მთავრობის მიერ 2014 წელს მიღებული ოფიციალური დოკუმენტი – ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა – კიდევ ერთხელ ახსენებს სახელმწიფოს ასეთი მექანიზმის შექმნის ვალდებულებას. დაბოლოს, ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები, ისევე, როგორც სახალხო დამცველი, აქტიურად უჭერენ მხარს ამგვარი მექანიზმის შექმნას. მიუხედავად ამისა, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების (მათ შორის წამების) შემთხვევების გამოძიება დღემდე პროკურატურის ხელში რჩება, ანუ იმ ორგანოს ხელში, რომელიც 2012 წლამდეც პასუხისმგებელი იყო მსგავს გამოძიებებზე, მაგრამ სრულიად ვერ გაართვა თავი ამ ამოცანას. ასეთი წარსულის, ასევე პოლიციის მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბოლოდროინდელი შემთხვევების გამო, რომლებიც ეფექტიანად და დროულად არ იქნა გამოძიებული, აღნიშნული ორგანო [პროკურატურა] ძალზე დაბალი ნდობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების სიმძიმე და მასშტაბი დღესდღეობით აშკარად განსხვავებულია (განსაკუთრებით პენიტენციურ სისტემაში) და არ არის ისეთი მძიმე, როგორიც 2012 წლამდე იყო. თუმცა, ამგვარ შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირება, რაც დამოუკიდებელი, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით გამოიხატება, ისევე მიუღწეველია, როგორც ადრე. არასათანადო მოპყრობისთვის დაუსჯელობა კვლავ სერიოზული გამოწვევაა.

NEWS

MULTIMEDIA