რატომ ევროპა? - საქართველოს კინოინსტიტუტის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

22 ოქტ, 2024

 

რატომ ევროპა? ამ კითხვას ეხმაურება ფილმი „ვერიფიკაცია“, რომელიც საქართველოს კინოინსტიტუტის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულია. ჟიურის გადაწყვეტილებით, გიორგი გოცირიძისა და გიორგი აბაშვილის რეჟისორობით შექმნილი ფილმი არის „სხარტი, ზუსტი და ზომიერი. ყველა წამი, ჟესტი, ყველა სიტყვა

ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ მარტივი საზეპირო: საქართველო

არის ევროპა და ჩვენი ევროპული მომავალი მარტივი არჩევანით ჩვენვე უნდა

გავაფორმოთ“.

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი „რატომ ევროპა?“ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. მოყვარულმა თუ პროფესიონალმა ავტორებმა საკუთარი ნამუშევრებით გვაჩვენეს, როგორ ხედავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მონაწილეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ და მაყურებელს თავი საინტერესო შემოქმედებითი ხედვით დაამახსოვრეს.

 

„შესაძლოა, დღეს არის ყველაზე გადამწყვეტი და ეგზისტენციალური მომენტი საქართველოსთვის. ახლა მნიშვნელოვანია ყველა მცდელობა, მათ შორის ახალგაზრდებისა თუ რეჟისორების მცდელობა იმის გასაჟღერებლად, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში და გვჭირდება ევროპა“ – ასე შეაფასა კონკურსის მნიშვნელობა ქეთი ხუციშვილმა გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაზე.

 

ეს კონკურსი ფონდისა და კინოინსტიტუტის მეორე თანამშრომლობაა. საქართველოს კინოინსტიტუტი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დამოუკიდებელი ქართული სტენდით სწორედ ფონდის მხარდაჭერით წარსდგა მაშინ, როცა ხელოვანები კულტურის სამინისტროსთან ბოიკოტში აღმოჩნდნენ. ახლაც, როგორც მაშინ, საქართველოს კინოინსტიტუტის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართული კინოს განვითარებასა და პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

გამარჯვებულ ფილმთან ერთად, შეგიძლიათ ნახოთ კონკურსის მეორე ტურში გადასული სხვა ფილმებიც, რომლებიც შემოქმედების განსხვავებული ხასიათითა და სცენარით პასუხობენ კითხვას „რატომ ევროპა“? https://www.youtube.com/playlist?list=PLDcfmZ0hw451vSHFvYdetbWQ6QIv_MDS2

 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდთან ერთად, პროექტის პარტნიორები იყვნენ: დოკუმენტური კინოს ასოციაცია, საპროდიუსერო კომპანიები ‘Arebatto Films’ და ‘3003 Film Priduction’, რადიო თავისუფლება, კულტურა დემოკრატიისთვის