საერთაშორისო სადოქტორო სკოლა ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში

24 სექ, 2024

მსჯელობა თავისუფლებასა და თანასწორობაზე, ხელოვნურ ინტელექტთან თუ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ მორალურ დილემებზე, დემოკრატიის საფუძვლებსა თუ თაობებს შორის ურთიერთობისა და გარემოსთან დამოკიდებულების მორალურ პრინციპებზე ჩვენი, საზოგადოების პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ნაწილია.

ეთიკა და პოლიტიკის ფილოსოფია ის დარგებია, რომლებიც მორალისა და სამართლის ურთიერთმიმართების საკითხების იკვლევს. ამ პრობლემებზე ცოცხალ დისკუსიას აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მათზე საჯარო დებატების ხარისხი და, საბოლოო ჯამში, უფრო თანმიმდევრული და არგუმენტირებული გახადოს შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ქართველ ფილოსოფოსთა მომავალი თაობების ამ პრობლემატიკით დაინტერესება მნიშვნელოვანია არსებული დეფიციტის შესავსებად.

სწორედ სათანადო კომპეტენციის მქონე ინტელექტუალური წრეების შექმნასა და გლობალურად მიმდინარე დისკუსიების ადგილობრივ დონეზე წახალისებას ემსახურებოდა მეორე საერთაშორისო სადოქტორო სეზონური სკოლა ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, 2024 წლის 3-8 სექტემბერს მოეწყო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტის კვლევით ბაზაზე გამართულმა სკოლამ ჯამში 25 მონაწილე გააერთიანა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სკოლაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისოდ აღიარებულმა ექსპერტებმა, დოქტორანტებმა, პოსტ-დოქტორანტებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა ინგლისის, ირლანდიის, შვედეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტებიდან. მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა და იმსჯელეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ექსპერიმენტული პოლიტიკური ფილოსოფია, გარემოსა და ცხოველთა ეთიკა, დემოკრატიის თეორია, ზიანის ცნების მნიშვნელობა და შეზღუდვები ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში.

სკოლის აქტივობები, რომელსაც დარგის წამყვანი ექსპერტები უძღვებოდნენ, საშუალებას მისცემს მონაწილეებს, განავითარონ და დახვეწონ მათი აკადემიური ინტერესები და კვლევები თანამედროვე პოლიტიკის ფილოსოფიის, ეთიკისა და პოლიტიკის მეცნიერების კვეთაზე არსებულ საკითხებში. პროექტი წვლილს შეიტანს წარმოდგენილი აქტუალური და მწვავე სოციალური და პოლიტიკური საკითხების ირგვლივ დებატების განვითარებაში ქართულ აკადემიურ და საჯარო სივრცეში.