სამოქალაქო ორგანიზაციები ეხმაურებიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად სამთავრობო გეგმის დამტკიცებას

09.01.2024

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებლად მთავრობის მიერ დამტკიცებულ გეგმას. მიგვაჩნია, რომ სამოქმედო გეგმის დამტკიცება დადებითი ნაბიჯია და ამან ხელი უნდა შეუწყოს მთავრობის მეტ ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას, თუმცა სამწუხაროა, რომ წარმოდგენილი გეგმა არ შემუშავდა სათანადო ჩართულობით, ხოლო მისი შინაარსი არაერთი მიმართულებით საჭიროებს დაზუსტებას.

2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ევროკომისიამ ქვეყანას განუსაზღვრა 9 პრიორიტეტული ნაბიჯი რეფორმებისთვის, რომლის შესრულების შემდეგაც გაიხსნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტული ნაბიჯის შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც მხოლოდ 25 დეკემბერს გამოქვეყნდა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი ჯერ კიდევ 27 ნოემბერს იყო დამტკიცებული ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ.

სამოქმედო გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც უნდა გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამუშაო პროცესების მიმართ. სამწუხაროდ, სამოქმედო გეგმის შემუშავების და დამტკიცების პროცესში მინიმალურადაც არ ყოფილან ჩართულები სამოქალაქო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.  მართალია, სამოქმედო გეგმა გამოქვეყნებამდე გადაეგზავნა ევროკომისიას, მაგრამ საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა ტიპის კომუნიკაცია/უკუკავშირი იყო ევროკომისიის მხრიდან და გაითვალისწინა თუ არა კომისიის რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქართულმა მხარემ. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ მთავრობამ  ევროკომისიას უკვე დამტკიცებული დოკუმენტი გაუგზავნა.

ნიშანდობლივია, რომ ინსტიტუციურად სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია მთავრობის მიერ, მაშინ როცა მასში გაწერილი არაერთი ღონისძიება/მოქმედება პარლამენტის მანდატის ქვეშ ექცევა (ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომებს მართალია, ესწრება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლი, თუმცა სათათბირო ხმის უფლების გარეშე). სამოქმედო გეგმის ამგვარი გზით შემუშავება/დამტკიცება უგულებელყოფს ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის და აკნინებს პარლამენტის როლს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში. მიგვაჩნია, რომ სამოქმედო გეგმა პარლამენტის მიერ თუ არა, მინიმუმ მისი აქტიური ჩართულობით უნდა შემუშავებულიყო, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენად აქტიურად იყო საკანონმდებლო ორგანო ჩართული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს – გვესმის, რომ სამოქმედო გეგმა ვერ იქნება სრულად დეტალიზებული და დაწვრილებით ვერ განსაზღვრავს თითოეული მიმართულებით დაგეგმილ ყველა ნაბიჯს. თუმცა, ამავდროულად, ის უნდა ქმნიდეს კონკრეტულ ჩარჩოებსა და მოლოდინებს როგორც პროცესზე, ისე შინაარსზე. სამწუხაროდ, ამ კუთხით სამოქმედო გეგმის დოკუმენტი საკმაოდ ზოგადია და არ შეიცავს არსებულ თუ სამიზნე ინდიკატორებს და შინაარსობრივად სრულყოფილად არ ეხმიანება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მისი პოლიტიკა/მიდგომები გულისხმობდეს თანამონაწილეობას, დიალოგსა და ღიაობას. ამავდროულად, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ცალკეული მიმართულებებით არსებული გამოწვევები/პრობლემები და გადადგას რეალური ნაბიჯები მათზე საპასუხოდ ევროკომისიის, ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საფარი

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

NEWS

MULTIMEDIA