სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურ პარტიებს შეხვდა

11.03.2024

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის[1] კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.

წარმოდგენილი ხედვის საფუძველზე, კოალიცია 9 ნაბიჯის შესრულების მონიტორინგს გააგრძელებს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას.

ამ პროცესის ფარგლებში, კოალიცია დაინტერესებულ აქტორებს ხვდება. სამუშაო შეხვედრების მიზანია 9 ნაბიჯის შესასრულებლად გასატარებელი რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ხედვის გაზიარება და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა.

პირველი ასეთი შეხვედრა შედგა პოლიტიკურ ჯგუფებთან –ოწვეულნი იყვნენ როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრას შემდეგი პოლიტიკური ჯგუფები დაესწრნენ:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;

„სტრატეგია აღმაშენებელი”;

„გირჩი – მეტი თავისუფლება“;

„დროა“;

„ლელო საქართველოსთვის“;

„საქართველოსთვის“;

„ანა დოლიძე – ხალხისთვის“;

„ახალი“;

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“;

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია

შეხვედრა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის (EECMD) მხარდაჭერით გაიმართა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია აერთიანებს ორგანიზაციებს, რომელთაც მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება და სიღრმისეული ექსპერტიზა აქვთ იმ სფეროებში, რომელსაც 9 ნაბიჯი მოიცავს. ამ ორგანიზაციების უმრავლესობა ჩართული იყო ასევე გასულ წელს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების მონიტორინგის პროცესში.


[1] სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); რონდელის ფონდი (GFSIS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სასამართლოს გუშაგი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI); საფარი

 

მედია ამ თემაზე: