სამოქალაქო საზოგადოების ფონდი აცხადებს კონკურსს ადვოკატებისათვის

14 თებ, 2024

საქართველოს მასშტაბით მოქმედ ადვოკატებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაიცვან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და დამოუკიდებელი აქტივისტების უფლებები, შეიძინონ ცოდნა, უნარები და სასამართლო პრაქტიკა, დაეხმარონ საქართველოში გამოხატვის თავისუფლების განმტკიცებას და ხელი შეუწყონ დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებას.

შერჩეული ადვოკატები ჩაერთვებიან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „ერთიანი საქართველო  ევროპისთვის“, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიული ზედამხედველობის ხელშეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის კვალიფიციურ სამართლებრივ დახმარებაზე სწრაფი და შეუზღუდავი  წვდომის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია  სამართლებრივი დახმარების რეგიონული საბჭოების ჩამოყალიბება საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში, რომელიც გააერთიანებს 30 მოქმედ ადვოკატს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. თითოეული რეგიონული საბჭოსთვის შეირჩევა 1-3 ადვოკატი. კონკურსის შედეგად შერჩეულ ადვოკატებთან ჩატარდება საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, უახლესი პრაქტიკის ანალიზი, ასევე საერთაშორისო-სამართლებრივი პრაქტიკისა და დაცვის სტრატეგიების მიმოხილვა.

სამართლებრივი დახმარების საბჭოების მიზანია საქართველოს მასშტაბით მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის, ჟურნალისტებისა და აქტივისტებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის აღმოჩენა და მათი წარმომადგენლობა სასამართლოში.

პოზიცია: სამართლებრივი დახმარების რეგიონული საბჭოს წევრი
პროექტის განმახორციელებელი: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
საქმიანობის ადგილი: ქვემოთ ჩამოთვლილი რეგიონებიდან ერთ-ერთი (შეთანხმების შესაბამისად):

  1. თბილისი
  2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
  3. გურიის მხარე
  4. იმერეთის მხარე
  5. კახეთის მხარე
  6. მცხეთა-მთიანეთის მხარე
  7. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
  8. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
  9. სამცხე-ჯავახეთის მხარე
  10. ქვემო ქართლის მხარე
  11. შიდა ქართლის მხარე

პროექტის ხანგრძლივობა: 2024 წლის აპრილიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით

ანაზღაურება: დღიური ანაზღაურება 150 ევრო (გამომუშავების მიხედვით)

ანგარიშგება:  ადვოკატი ანგარიშვალდებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის პროექტის კოორდინატორის წინაშე

სამართლებრივი დახმარების რეგიონული საბჭოს (RLAB) წევრთა ძირითადი მოვალეობები:

  • სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის მიზნით
  • საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა
  • ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის ფაქტებზე (დაფარვის რეგიონში) საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, მათ შორის, საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება
  • პროექტის ფარგლებში შექმნილ რეგიონულ სამოქალაქო საბჭოსთან, სამართლებრივი დახმარების საბჭოს სამდივნოსთან და საბჭოს წევრ სხვა ადვოკატებთან მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და საქმეების ეფექტიანი მართვის მიზნით
  • გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების წარდგენა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის პროექტის კოორდინატორისთვის

კანდიდატის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:

  • კონკურსი განკუთვნილია ადმინისტრაციული და/ან სისხლის სამართლის მიმართულებით საადვოკატო საქმიანობის უფლების მქონე ადვოკატებისთვის.
  • კონკურსის წესით შეირჩევიან კანდიდატები, რომლებიც იმუშავებენ საქართველოს რეგიონებში და რომელთაც აქვთ მოტივაცია ადგილზე დაიცვან სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენელთა, ჟურნალისტების და დამოუკიდებელი აქტივისტების უფლებები, გაუწიონ მათ სამართლებრივი დახმარება, იურიდიული კონსულტაცია და წარმოადგინონ ისინი სასამართლოში.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  1. განმცხადებლის CV
  2. შევსებული კითხვარი
  3. საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საერთო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით)

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 8 მარტი 24:00 სთ

განაცხადის წარდგენა: განაცხადი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ონლაინ ფორმატში ელექტრონული ფოსტის შემდეგ ორ მისამართზე: ;

თემის ველში (Subject) მიუთითეთ ადვოკატების შესარჩევი კონკურსისთვის –  თქვენი სახელი და გვარი. წერილში ჩაწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონი.

განაცხადის სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. განაცხადებს განიხილავს საკონკურსო კომისია, რომელიც შერჩეული კანდიდატების სიას მოამზადებს.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად. კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან განცხადების განხილვის საფუძველზე. ფონდი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

შერჩევის მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს მიეცემათ წერილობითი დავალება ადმინისტრაციულ და/ან სისხლის სამართალში.

საბოლოო არჩევანი გაკეთდება ტესტირების და/ან საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდში კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: 5 98 25 80 88; 558 51 15 79
ელ.ფოსტა: <>;

საკონტაქტო პირი: გიორგი ყიფიანი 558 51 15 79

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).

 


გაცნობებთ, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“  “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისთვის“ მიწოდებით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ ფონდმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის დასაქმების ან/და სამომავლო შერჩევის მიზნით განაცხადების შემოტანის დროს და მას შემდეგაც, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა  „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“  მიერ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.