სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროკავშირის დელეგაციასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდნენ

21.03.2024

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის[1] კოალიცია ევროკავშირის დელეგაციასა და საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ხედვების გაზიარება და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესასრულებლად საქართველოს მიერ გასატარებელი რეფორმების შესახებ.

მიმდინარე წლის თებერვალში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით, შეიმუშავა და გამოაქვეყნა კოალიციის ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტიანად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა  ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს და ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას. კოალიცია აერთიანებს ორგანიზაციებს, რომელთაც შესაბამის სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და სიღრმისეული ექსპერტიზა აქვთ.

წარმოდგენილი ხედვის საფუძველზე, კოალიცია 9 ნაბიჯის შესრულების მონიტორინგს გააგრძელებს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას.

ამ პროცესში  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატებში ხედვების გაცნობა და პოზიციების შეჯერება ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო სისტემისა და მართლმსაჯულების რეფორმა, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლა, ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიები, ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან გამკლავება, ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა. გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირისთვის პოლიტიკის შემუშავებისა და საკანონმდებლო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია გააგრძელებს დაინტერესებულ აქტორებთან შეხვედრებს და ძალისხმევას  ქვეყანაში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად.


[1] სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); რონდელის ფონდი (GFSIS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სასამართლოს გუშაგი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI); საფარი

NEWS

MULTIMEDIA