საქართველომ გლობალური ფონდის დაფინანსებიდან ეროვნულ დაფინანსებაზე გადასვლის გეგმა შეიმუშავა

12 ივნ, 2017

გლობალური ფონდის დაფინანსებიდან ეროვნულ დაფინანსებაზე გადასვლის გეგმის დოკუმენტი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა. იგი მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების და სათემო ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მდგრადი გადასვლა სახელმწიფო დაფინანსებაზე.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გარდამავალი გეგმის განხორციელების და მონიტორინგის პროცესში. სამოქალაქო საზოგადოებისა და თემის წარმომადგენლების ჩართვისა და მათთვის გარდამავალი გეგმის გაცნობის მიზნით 2017 წლის 1-2 ივნისს, ლოპოტას სასტუმროში სემინარი გაიმართა.

სემინარში მონაწილეობდა ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” ზიანის შემცირების პროგრამის კოორდინატორი მარი ჩოხელი, რომელმაც გეგმის ძირითად პრობლემებსა და თავისებურებებზე ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე შეიმუშავეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ გარდამავალი გეგმის მონიტორინგის მიდგომები.ღონისძიება ორგანიზებული იყო ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის მიერ სამოქალაქო საზოგადოების და ძირითადი მოწყვლადი ჯგუფებისათვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია გლობალური ფონდის პროგრამის “თემი, უფლებები და გენდერი” მიერ.