საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური რეკონსტრუქცია - კვლევა

31 ოქტ, 2023

31 ოქტომბერს, კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise (გნომონ ვაიზი) ღია საზოგადოების ფონდის დაკვეთით მოამზადებული აკადემიური კვლევა „საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური რეკონსტრუქცია” წარადგინა.

კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური პრობლემა არის ვერტიკალურად ინტეგრირებული ძალაუფლება, რომელიც სასამართლო შტოს სრულ ძალაუფლებას ერთი ინსტიტუტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი მაკონტროლებელი სამოსამართლო ელიტის ხელში აქცევს.

დოკუმენტის თანახმად, ინსტიტუციური რეკონსტრუქციის საკვანძო დებულებად, ვერტიკალურად ინტეგრირებული სრული ძალაუფლების დეცენტრალიზაციაა შემოთავაზებული. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს, რომ ერთ ინსტიტუტში არ იყოს თავმოყრილი კონტროლი ყველა საკვანძო ფუნქციაზე: სამართლეთა დანიშვნის, მათი კარიერის მართვისა და ანგარიშვალდებულების ჩათვლით.

დღეს, აღნიშნული ძალაუფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია კონცენტრირებული. ასეთი გადამეტებული კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, კვლევის ავტორები აუცილებლად მიიჩნევენ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული უფლებამოსილების სხვა ინსტიტუტებზე გადანაწილებას. კვლევაში ასევე წარმოდგენილია მართლმსაჯულების ინსტიტუციური რეფორმის კონცეფცია, რომელიც სხვადასხვა მოდელსა და ალტერნატივას მომოიხილავს. რეფორმის მოდელები შემოთავაზებულია მოსამართლეთა დანიშვნის, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემის, საერთო სასამართლოების ადმინისტრირების ფუნქციის დეცენტრალიზაციისა და სასამართლოს თავმჯდომარეთა ძალაუფლების შემცირების მიმართულებებით.

კვლევის მთავარი მიგნებები და რეფორმის კონცეფცია Gnomon Wise-ის მკვლევრებმა დავით ზედელაშვილმა, თამარ ქეცბაიამ და ანა ჭიაბრიშვილმა წარადგინეს. შეხვედრას უძღვებოდა გიორგი ჩიტიძე,  ღია  საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი.