საქართველოს სკოლების უსაფრთხოებისა და დანაშაულის თავიდან არიდების პოლიტიკა

4 ივლ, 2023

სკოლის უსაფრთხოების კვლევის მიხედვით, „უსაფრთხო სკოლის“ ქართული მოდელი   ძირითადად კონტროლზე ორიენტირებულ მიდგომებს ეყრდნობა. სათვალთვალო კამერები თუ მეტალოდეტექტორები, დაცვის თანამშრომლებსა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ერთად, ქმნის გარემოს, რომელიც „უსაფრთხო სკოლის“ თანამედროვე პროგრესულ, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტრიებულ კონცეფციებს ნაკლებად შეესაბამება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, ორგანიზაცია „ბემონთან“ ერთად, მოამზადა სამი დოკუმენტი, რომლებიც მიმართულია საგანმანათლებლო სისტემისა და შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობების ამაღლებისკენ როგორც კრიმინალური და ძალადობრივი ქცევების დასაძლევად, ასევე ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენების თავიდან არიდების სტრატეგიების შესამუშავებლად და განსახორციელებლად. დოკუმენტები მომზადებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი CPR პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება  საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით“ ფარგლებში, რომელსაც „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, შემდეგი ორგანიზაციები ახორციელებენ: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ბემონი“, „ალტერნატივა საქართველო“, საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია“, „ნაბიჯი მომავლისკენ“ და „ქსენონი“. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ სამართალდამცავი ორგანოებისა და საგანმანათლებლო სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებაა, კრიმინალური და ძალადობრივი ქცევების პრევენციის, იდენტიფიცირების, დროული ჩარევისა და დაძლევის მიზნით.

ზოგადად, სამართალდარღვევათა თავიდან არიდების ფუნქციები მხოლოდ  სამართალდამცავი სისტემის საქმიანობის ნაწილად აღიქმება.  ჯანდაცვის, განათლების, სოციალურ, კულტურულ და ახალგაზრდულ პოლიტიკაში ჩართული სახელმწიფო ორგანოების როლი კი დანაშაულის პრევენციის პოლიტიკაში მინიმალურია. მწირია ინკლუზიური, უწყებათაშორისი პროგრამების გამოყენების პრაქტიკა. არსებული ჩარჩოებისგან განსხვავებით, შესაბამისი თანამედროვე მოდელი დანაშაულის თავიდან არიდების უფრო პროგრესულ ზომებს გულისხმობს, მათ შორის, სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლების ჩარჩოს გაფართოებას და სოციალური პირობებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების გაძლიერებას.

პირველი დოკუმენტი – სასკოლო უსაფრთხოება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების ანალიზი – აჩვენებს, რომ კანონმდებლობითა და პოლიტიკით განმტკიცებული უსაფრთხოების არსებული მიდგომები დღემდე უპირატესობას ანიჭებს კონტროლზე ორიენტირებულ მექანიზმებს . მართალია, საწყის წლებთან შედარებით, მანდატურის სამსახურს  შეემატა ზრუნვის ვალდებულება, თუმცა მთლიანად სასკოლო სისტემაში ზრუნვის პოლიტიკისკენ რადიკალური შეტრიალება არ მომხდარა. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რესურსი უკიდურესად მწირია. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა უწყებებმა და მთლიანად სახელმწიფომ, ამ კუთხით, არსებითად ახალი პოლიტიკური თვალთახედვის დანერგვაზე აქტიურად იმუშაოს.

მეორე დოკუმეტი – სკოლის პოლიტიკა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით – წარმოადგენს სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, შიდასასკოლო მოხმარების დოკუმენტს, რომელიც აწესრიგებს სკოლაში უსაფრთხოების დაგეგმვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების ძირითად წესებსა და პრინციპებს. სახელმძღვანელო, რომელიც ორგანიზაცია „ბემონმა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“ ერთად, ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით შექმნა,  პილოტურად უკვე მუშაობს 6 რეგიონის 15 სკოლაში. ტრენინგების ფარგლებში, სკოლის მანდატურები, სკოლის დირექციის, სამეურვეო საბჭოს, პედკოლექტივის, მშობელთა, მოსწავლეთა თვითმმართველობისა თუ დისციპლინური კომიტეტის  წარმომადგენლები რეალური ინტერესით ერთვებიან იმ სიტუაციებისა და პრობლემების განხილვაში, რასაც ეს სკოლები ყოველდღიურ რეჟიმში აწყდებიან.

მესამე დოკუმეტი – დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის კვლევა – ეხმაურება იმ ეტაპს, როდესაც სახეზეა კანონთან კონფლიქტი, რის აცილებასაც სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკით ვუწყობთ ხელს. კვლევა არსებული გამოწვევების განხილვის ფონზე აყალიბებს რეკომენდაციებს და იძევა საფუძველს პრევენციის პოლიტიკის განვითარების გზების გასააზრებლად.