სათემო ფსიქიატრიული მომსახურების შედეგები საქართველოში

7 სექ, 2016

საუბარი პაციენტებთან

“ეს წიგნი ჩემზე და თქვენზეა, ჩვენზეა- ვინც ასე გამოვირჩევით საზოგადოებისგან. მინდა წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ ჩემი დაავადება- ჩემი დიაგნოზი- შეზოფრენია.”

ასე იწყება კრებული, რომელიც აერთიანებს ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების ნაშრომებს- ნახატებს, ჩანახატებს, დღიურის ჩანაწერებს... კრებულის პრეზენტაცია, დოკუმენტურ ფილმთანერთად, სასტუმრო „ამბასადორში“ 8 სექტემბერს ჩატარდა.

ეს იყო ერთგვარი შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც აქტიური სათემო ფსიქიატრიული მომსახურებით მოსარგებლე ადამიანებმა სათემო მომსახურების შედეგებზე თავად ისაუბრეს.  ღონისძიებას 11 პაციენტი ესწრებოდა.  მათ მრავალჯერ ჰქონიათ შეხება როგორც ფსიქიატრიული საავადმყოფოებთან,  ასევე სათემო მომსახურებასთან. ისინი ამ ორ მიდგომას შორის განსხვავებაზე და  სათემო ფსიქიატრიული სერვისის შედეგებსა და ეფექტურობაზე საკუთარი გამოცდილების საფუძველზე საუბრობდნენ.

სათემო ფსიქიატრიული სერვისის ახალი მოდელი- აქტიური სათემო ფსიქიატიული მომსახურება’ (აქტი/ACT) საქართველოში 2013 წლიდან დაინერგა. ეს არის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც გავრცელებულია აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.  მისი მთავარი მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობა და რეაბილიტაცია ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე 24 საათის განმავლობაში. ცხრა ადამიანისგან შემდგარ  მულტიდისციპლინურ გუნდს (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოც. მუშაკი, ექთანი, ოკუპაციური თერაპევტი, თანაგანმანათლებელი) პაციენტთან ყოველდღიური შეხება აქვს.  დღევანდელი მდგომარეობით, ამ სერვისს  45 ბენეფიციარი ჰყავს.

აქტიური სათემო ფსიქიატიული მომსახურება’ საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს და მისი დანერგვა ამერიკული ორგანიზაციის – ადამიანები ეხმარებიან ადამიანებს“ ინიციატივით მოხდა.

„სათემო მომსახურება საქართველოში 90-იანი წლებიდან არსებობდა რეაბილიტაციის და კრიზისული ცენტრის სახით, თუმცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სათემო მომსახურებაზე, რომელიც 2013 წელს დაინერგა და რომელიც რეაბილიტაციასა და კრიზისული მდგომარეობის მართვის პარალელურად  საცხოვრებელ ადგილზე მკურნალობის და სოციალური მხარდაჭერის კომპონენტს მოიცავს. ეს არის ის კომპლექსური მიდგომა, რის შედეგადაც ეს ადამიანები საზოგადოებას დაუბრუნდნენ და  რომლებიც საავადმყოფოში თითქმის აღარ ხვდებიან“- აღნიშნავს ნინო აბდუშელიშვილი,  აქტიური სათემო ფსიქიატიული მომსახურების“ (აქტი/ACT) ამერიკის ოფისის წარმომადგენელი და საქართველოს პროგრამის დამფუძნებელი.

პაციენტთა მომსახურება მერიის პროგრამით და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დაფინანსებით ხორციელდება, შესაბამისად, პაციენტისთვის მომსახურება უფასოა.

იმისათვის, რომ პაციენტი უფასო პროგრამაში ჩაერთოს ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: 1.  დიაგნოზი უნდა იყოს შიზოფრენია ან ბიპოლარული აშლილობა.  2. ბოლო 1 წლის მანძილზე უნდა ჰქონდეს სამი  სტაციონირება.

„გვიხარია, რომ  სახელმწიფომ დაიწყო ამ მომსახურების დაფინანსება. იდეალურ შემთხვევაში, საჭიროა ბენეფიციარების რაოდენობის 100-მდე, მომსახურე პერსონალის კი-12-მდე გაზრდა. იმედი გვაქვს სახელმწიფო კიდევ უფრო გააფართოვებს დაფინანსებას და პაციენტების მაქსიმალური რაოდენობის მომსახურება გახდება შესაძლებელი.“- ამბობს აქტიური ფსიქიატრიული სათემო მომსახურების პროგრამის მენეჯერი გურამ ჭეიშვილი.