შრომის გაკვეთილები

29.06.2016

 

გამოცემა “ლიბერალი”

ავტორი: ზურაბ ვარდიაშვილი

 

„ბავშვებმა და მათმა მშობლებმა იციან, რომ განათლების მიღება არა მხოლოდ მათი უფლებაა, არამედ საშვი უკეთესი მომავლისაკენ – ბავშვებისა და მათი ქვეყნისათვის”.

ჰარი ბელაფონტე, გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი

ყველაზე მეტად გეოგრაფია მიყვარს და კარგადაც ვსწავლობ – მითხრა გოგიმ, შავგვრემანმა, ჩაფსკვნილმა ბიჭმა და ახლად მოკრეფილი, ხასხასა ფერის, მსხვილი კიტრებით სავსე ტომარა მხარზე მოიგდო. გოგი რამდენიმე ათეულ მეტრში მდგარი ტრაქტორისკენ წავიდა, რომლის ძარაზეც ტომრებს ტვირთავდნენ, თუმცა რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მოტრიალდა,  -უფრო სწორად ვსწავლობდი, მე-9 კლასამდე, ახლა ოჯახს მიხმარება სჭირდება, სკოლას ხშირად ვაცდენ, გაკვეთილებსაც ჩამოვრჩი -სინანულის გამომხატველი ჟესტით მხრები ტომრიანად აიჩეჩა. -ასეა საჭირო.

კახეთი, გურჯაანის რაიონი, სოფელი კარდენახი. შუადღის 12 საათი. 16 წლის, მეათეკლასელი გოგი ჭანყოშვილი სკოლაში, გაკვეთილებზე მეცადინეობის ნაცვლად ოჯახის კუთვნილ ნაკვეთში მუშაობს. გოგის მსგავსად მშობლებს სამეურნეო საქმიანობაში უამრავი ბავშვი ეხმარება -რამდენი? თითქმის უმრავლესობა -მეტყვის მოგვიანებით კარდენახის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ანა სიბოშვილი.

გოგი ცდილობს, სკოლა ხშირად არ გააცდინოს, თუმცა, ბაღების სეზონზე, აპრილსა და მაისში ეს რთულია. ძირითადად, ნესვი, საზამთრო, კიტრი, პამიდორი მოჰყავთ. რომელსაც ბაზარში ყიდიან. – „ზოგჯერ დილით ძალიან ადრე, 5 საათზე მივდივარ ბაღში და  მერე სკოლაში მისვლასაც ვასწრებ, ბოლო გაკვეთილებზე”.

გოგი  მოჭიდავეა. რეგიონულ ჩემპიონატებში 14 მედალი აქვს მიღებული. სკოლის დამთავრებისას სამხედრო აკადემიაში ჩაბარებაზე ფიქრობს, ჯერჯერობით კი, მისი მთავარი ამოცანაა, მშობლებთან ერთად დათესოს, მოუაროს -მორწყას, შეიტანოს სასუქი, გამარგლოს, გათიბოს, ნიადაგი გააფხვიეროს. გაფურჩნოს, გასხლას, შეყელოს ვენახი, მიიღოს მოსავალი და შემდეგ შეძლებისდაგვარად სარფიანად გაყიდოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N841 -ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების  შესახებ რამდენიმე თავს უთმობს სკოლის გაცდენის პირობებს:

ამ ბრძანების მიხედვით, „თუ მოსწავლე 1 სასწავლო წლის განმავლობაში, რომელიმე საგანში აცდენს საგნისთვის 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/5-ს, მოსწავლე ამ საგანს აბარებს ექსტერნატის ფორმით და მხოლოდ ასე გადადის შემდეგ კლასში”.

ამ გამოცდებს გოგი და მისი რამდენიმე მეგობარი შიშით ელოდებიან, რადგან თუ ვერ ჩააბარებენ, კლასში  ჩარჩენა მოუწევთ, ცუდი  აკადემიური მოსწრების გამო კი, გაკვეთილების მომზადებასაც ვერ ახერხებენ.

გოგის კლასელი ირაკლი ტურიაშვილი ოჯახის საქმეების პარალელურად ზოგჯერ დღიურ მუშადაც მუშაობს. მეზობელს, მეტსახელად ამცოს ეხმარება და ამისთვის დღეში 20 ლარს იღებს. „30 ლარადაც მიმუშავია, მაგრამ ფული აღარაა ხალხში -დანანებით მეუბნება ირაკლი -ეს ბაღები  ნამდვილი ლატარიაა, ხან მოგაგებინებს, ხან წაგაგებინებს და ვალებში გადაგაგდებს. ხან მზისგან იწვება, ხან უწყლობით ხმება, ზოგჯერ, უბრალოდ, ფასი არ აქვს ხოლმე და მუშებსაც ვეღარ უხდიან ნორმალურად”.

გოგის მსგავსად ირაკლიც ვერ იღებს სრულყოფილ განათლებას. „ზოგჯერ  სკოლის მერე მივდივარ ნაკვეთში, მაგრამ ამის გამო მეორე დღისთვის გაკვეთილებს ვეღარ ვამზადებ. დღესაც მოუმზადებელი მოვედი”. -ბიჭი სკოლის მეორე სართულზე, საკლასო ოთახის ფანჯარასთან დგას. ფანჯარა პირდაპირ ალაზნის ველს გადაჰყურებს, სოფლის ბოლოდან  ვენახები, ბაღები, დამუშავებული თუ დაუმუშავებელი ნაკვეთები იწყება, „თამარის არხს” იქით „ჭიანი ტყეა”, მის ირგვლივ ხელოვნური ტბები, თვალსაწიერის ბოლოს კი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი მდინარე ალაზანი თითქმის შეუმჩნეველ, წვრილ ხაზად მიიკლაკნება.

ბავშვების ჩამორჩენა სწავლაში, გაკვეთილების გაცდენა და მუშაობა როგორც ოჯახში, ისე დაქირავებულ მუშახელად, საქართველოს მრავალ რეგიონში ჩვეულებრივი ამბავია. ამას განსაკუთრებულ მოვლენად არავინ აღიქვამს. სკოლა, თემი, ოჯახი, ბავშვები შეგუებულნი არიან აზრს, რომ ბავშვებმა უნდა იმუშაონ, თუნდაც ეს მათი ფუნდამენტური უფლების, განათლების მიღების ხარჯზე ხდებოდეს. „მშობლებს რომ არ მიეხმარონ, ზამთარში მშივრები დაიხოცებიან  -მეუბნება ანა სიბოშვილი, კარდენახის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. -ბავშვები რომ არ ამუშაონ, მაშინ მუშები უნდა დაიქირაონ, და დღეში 25 ლარი გადაუხადონ, რისი შესაძლებლობაც უმრავლესობას არ აქვს. ამ პროცესის კონტროლის არავითარი საშუალება არ გაგვაჩნია. სხვა გზა მათ, უბრალოდ, არ აქვთ”.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ვიგებთ, 2014-2015 წელს სწავლა 14 000-ზე მეტმა ბავშვმა მიატოვა, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის ბიურო ამ რიცხვს მიღმა არსებულ რეალობას  არ იკვლევს, ანუ არ გამოყოფს სკოლის მიტოვების  მიზეზებს. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, სახალხო დამცველის, გაეროს ბავშვთა ფონდის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და ჩვენი მოკვლევითაც, ერთ-ერთი მიზეზი ბავშვთა შრომაა. ბავშვები მასობრივად და აქტიურად არიან შინასამეურნეო საქმიანობაში ჩართულნი, რაც ხელს უშლის მათ განვითარებას, განათლების მიღების პროცესს.

როგორც წესი, საერთაშორისო ორგანოები ყურადღებას უთმობენ ბავშვთა შრომის უფრო მძიმე შემთხვევებს, ბავშვთა ექსპლუატაციას, მათი შრომის პირობებს, 2014 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევაში ვკითხულობთ, რომ „ხელისუფლება სრულყოფილად ვერ ახორციელებს ბავშვთა შრომის შემთხვევების დევნას. არც ერთი სახელისუფლებო ორგანო არ არის პასუხისმგებელი ბავშვთა შრომის ბრალდებების გამოძიებისათვის, თუ არ არსებობს დანაშაულის მტკიცებულება. სახელმწიფოს არ აქვს სპეციალური ორგანო, რომელიც განახორციელებს სამუშაო ადგილებზე ბავშვთა შრომის შემთხვევების მონიტორინგს”.

 

თუმცა შემთხვევები, რომლებიც სტატიის დასაწყისშია აღწერილი, არ მიეკუთვნება სტანდარტულ კლასიფიკაციებს. ის არც ფარულია და არც განსაკუთრებულად მძიმე პირობებზეა საუბარი. უბრალოდ, ბავშვები მათი ფუნდამენტური უფლების, სრულფასოვანი განათლების მიღმა რჩებიან – ეს არის პრობლემა, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე ყველამ იცის, ყველა ხედავს, და ყველა ეგუება.

პრობლემის გადაჭრის გზები რომ დაისახოს, ჯერ მისი ზუსტი იდენტიფიცირებაა საჭირო. გაეროს ბავშვთა ფონდის ქართული წარმომადგენლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლიდან ეხმარება  მონიტორინგის სისტემის შექმნაში, რომელიც სკოლის მიტოვების საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვებს აღრიცხავდა, მიზეზებს გამოიკვლევდა პრევენციის სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებოდა. იუნისეფის ოფისში გვითხრეს რომ რომ ამ მხრივ პროგრესი არ შეუნიშნავთ, თავად სამინისტროსგან კი ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღება „ლიბერალმა” ვერ შეძლო.

მოსიაშვილი ამ მოვლენას საზოგადოების სირცხვილს უწოდებს და მისი გადაჭრის გზად ადგილობრივი საგანმანათლებლო ინტიტუტების  სოციალური მეწარმეობისა და  ადგილობრივი ეკონომიკის  განვითარება ესახება. რათა, ერთი მხრივ, საზოგადოება წინ აღუდგეს ბავშვთა უფლებების რღვევის  ამ „ტრადიციულ”  ფორმას, და, მეორე მხრივ, ოჯახებს, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, ჰქონდეთ მხარდაჭერის იმედი. ასევე მნიშვნელოვანია თითოეულ თემში კარგად აცნობიერებდნენ ბავშვთა შრომის გავლენას მოზარდის ჯანმრთელობასა და მომავალზე.  აღარ იყვნენ იმდენად ღარიბნი, რომ მეურნეობებში  ბავშვების  ჩართვა სჭირდებოდეთ.

განსაკუთრებული ანალიზი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ პრობლემის დაძლევის გზა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ცალ-ცალკე ვერც ერთი სამინისტრო, სკოლა, რესურსცენტრი, თემი, თუ ოჯახი  ამას ვერ შეძლებს. პირველ რიგში კი საჭიროა გაცნობიერება სიტყვებისა, რომელიც სტატიას ეპიგრაფად უძღვის – განათლების მიღება არა  მხოლოდ უფლებაა, არამედ  საშვი უკეთესი  მომავლისაკენ, ბავშვებისა და მათი ქვეყნისათვის.

 

სტატია მომზადებულია  ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის“ ფარგლებში,  რომელიც ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მონაწილეობით ხორციელდება.